სანტა კლაუსები, საახალწლო სოფლები და ინსტალაციები - ახალი წლის დღეების აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება. საზეიმო განწყობაა გურჯაანში, სადაც დღის ორი საათიდან კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობაც. დღე გალაკონცერტით დასრულდება, სტუმრების განწყობაზე კი ცნობილი ქართველი მომღერლები თიკა ჯამბურია, თამუნა ამონაშვილი და "ქუჩის ბიჭები" იზრუნებენ.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებები ბაკურიანში დასრულდება. აქ დილიდან მოწყობილია საშობაო ბაზრობა და გასართობი სივრცეები. პატარა სტუმრების განწყობაზე თოვლის ბაბუა ზრუნავს. საკონცერტო პროგრამა, დღის 2-საათზე დაიწყო და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. ბაკურიანში დღეს პირველი თოვლიც მოვიდა.
სადღესასწაულო პროგრამას "ახალი წლის დღეები საქართველოში", ხაშურმაც უმასპინძლა. ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდათ. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
გრანდიოზულად აღნიშნავენ შობა–ახალ წელს მცხეთაშიც. მცხეთის მთავარ ნაძვის ხესთან დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ადგილზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, ხის საახალწლო სახლები და საშობაო ბაზრობა. საკონცერტო სცენა მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა მუსიკალურ წარმოდგენას სთავაზობდა.
გასართობი პროგრამები, კოსტიუმირებული კარნავალი,თვლის ბაბუა - ეს იმ პროგრამის მცირე ჩამონათვალია, რაც დღეს ტყიბულის ცენტრალურ პარკში მისულ სტუმრებს დახვდათ. საინტერესო დღე იყო პატარა მაყურებლებისთვისაც. მათ საშუალება ჰქონდათ, საბავშვო გასართობ წარმოდგენებს დასწრებოდნენ.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" – ღონისძიება პრემიერის ინიციატივით ტარდება. ახალი 2023 წლის დადგომას საქართველოს 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით იზეიმებენ.