ზავი რუსულად და შობა ფრონტის ხაზზე - დროებითი მშვიდობა არ შედგა. აგრესორმა პუტინმა საკუთარი პირობა თავადვე დაარღვია და ცეცხლი არც შობის ღამეს შეწყვეტილა.
სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინა, დონეცკია. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაბომბილია სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ახლაც საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხეა.
ერთ-ერთი ბოლო საარტილერიო იერიშების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავებულია 13.
ფრონტის ხაზზე არსებულ მძიმე მდგომარეობას ძლიერი ყინვა კიდევ უფრო ართულებს, დასახლებების უმრავლესობა ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ე.წ. საშობაო ზავს პენტაგონმა ცინიზმი უკვე უწოდა და საპასუხოდ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი შეერთებული შტატებისგან დახმარების ახალი პაკეტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა პირველად მიიღებს ბრედლის საბრძოლო მანქანებს. მისი თქმით, ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა.
"ახლა ჩვენს ჯარისკაცებს კიდევ უფრო მეტი იარაღი, აღჭურვილობა და თავდაცვითი სისტემა ექნებათ, რაც ბევრად უფრო მომზადებულს გახდის რუსეთის ნებისმიერი ესკალაციის, გეგმისა და იმ დარტყმისთვის, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო გვაყენებს, მიუხედავად იმისა, დღესასწაულია თუ სამუშაო დღე. დღეს გამოცხადდა შეერთებული შტატების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი ჩვენი ქვეყნისთვის. პირველად მივიღებთ ბრედლის საბრძოლო მანქანებს, ეს არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება, ახალი იარაღი და ჭურვები, მათ შორის მაღალი სიზუსტის. ახალი რაკეტები, დრონები. ამ მხარდაჭერის პაკეტის მთლიანი თანხა შეერთებული შტატებიდან, თითქმის სამი მილიარდია. ახლა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გერმანიის მხრიდან არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. განსაკუთრებით რუსეთის მოსაზღვრე რეგიონის. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არის პირდაპირი დეესკალაციის ძალისხმევა აქ და ახლა, რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებისთვის, მით ნაკლები იქნება რუსული აგრესიის საერთო პოტენციალი,“ - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.