26 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
წარმომადგენელთა პალატამ 164 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა და კონგრესის ახალი სპიკერი 14 წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ აირჩია

წარმომადგენელთა პალატამ 164 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა და 14 წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, კონგრესის ახალი სპიკერი აირჩია. "რესპუბლიკელმა" კევინ მაკარტიმ 216 ხმის მოპოვება შეძლო. გამარჯვებამდე მისასვლელი გზა კი ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის უმრავლესობაში "რესპუბლიკელები" არიან, სპიკერის ასარჩევად პალატას 4 დღე და კენჭისყრის 15 რაუნდი დაჭირდა. 

სასურველი შედეგის მისაღწევად, კევინ მაკარტის ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა. მათ შორის არის წარმომადგენელთა პალატაში სპიკერის გადაყენების გამარტივებულ წესზე დათანხმება და მეტი თავისუფლების მინიჭება წარმომადგენლობით კომიტეტებში. 

არსებობს ვარაუდი, რომ მაკარტის გამარჯვებაში წვლილი დონალდ ტრამპსაც მიუძღვის. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრს ესაუბრა, მათ შორის მეთ გეიცს, რომელიც სპიკერის პოზიციაზე სულ სხვა კანდიდატს განიხილავდა. 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტრიბუნა კევინ მაკარტის დემოკრატების პირველმა აფროამერიკელმა ლიდერმა გადასცა. ჰაკიმ ჯეფრისმა "რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადაა 118-ე მოწვევის კონგრესის ახლადარჩეული სპიკერიც. მაკარტიმ პირობა დადო რომ პასუხისმგებელი იქნება ამერიკელი ხალხისა და კონსტიტუციის წინაშე და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. 

118-ე მოწვევის კონგრესი პირველ კენჭისყრას ორშაბათს ჩაატარებს. კევინ მაკარტის სპიკერობის პერიოდში კი მის მიზანს ხარჯების, სახელმწიფო ვალის და ფასების შემცირება წარმოადგენს. აქვს გეგმა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით. . მაკარტის მიზანია შეერთებული შტატები ჩინეთთან ეკონომიკური კონკურენციიდან მოგებული გამოვიდეს.

 

დღის ამბები