უძველესი, თითქმის 2000 წლიანი ტრადიცია დღეს ისევ გაგრძელდა. ორწლიანი, პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ქალაქის ქუჩები იესო ქრისტეს შობის დღეს კვლავ მახარობლებით გაივსო.
საშობაო გალობა თბილისის ქუჩებში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ალილო პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და 2 საათიანი თეატრალიზებული მსვლელობით გაგრძელდა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და საბოლოო დანიშნულების წერტილამდე ფეხით მივიდნენ. თბილისში დღეს უდიდესი მოვლენა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ალილოს მონაწილეებმა, ანგელოზებმა და მწყემსებმა, მოგვებმა და მომლოცველებმა, ყველამ იესო ქრისტეს შობა იზეიმეს.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული მსვლელობა პირველად პარლამენტთან შეჩერდა. შობის მახარობლებს დეპუტატები საჩუქრებით დახვდნენ.
გზადაგზა შემოწირულობის რაოდენობა იზრდებოდა. ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდეგ კი, საკრებულოსთანაც დაახვედრეს. საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში შეგროვებულ შემოწირულობებს თავი სამების საკათედრო ტაძარში მოუყარეს. სურსათ-სანოვაგე და ტანსაცმელი მომდევნო ორი დღის განმავლობაში დახარისხდება. შემდგომ კი, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში დარიგდება.