სახეზე აფარებული ნიღაბი, ქუდი და რამდენიმე წამში დაყაჩაღებული ობიექტი იარაღის მუქარით, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, პნევმატური იყო. ქართველი რეპერი 23 წლის გიორგი ოდიშვილი საბერძნეთმა რეკორდულ დროში მომხდარი ყაჩაღობებით გაიცნო.
ვიდეომასალას საბერძნეთის პროკურატურა ავრცელებს. წერილობით განცხადებაში კი უწყება იმ დამატებით გარემოებებს აღწერს, რომელთა გამო ეს ამბავი სენსაციურად იქცა. როგორც აღმოჩნდა, მძარცველი რეპერია, მას "სი ჯეი"-ს სახელით იცნობენ, ბერძნულმა მედიამ კი უკვე "რეკორდსმენი მძარცველი" შეარქვა.
გიორგი ოდიშვილმა, იგივე CJ-მ მხოლოდ 2 საათის განმავლობაში 8 ობიექტი დააყაჩაღა. თანხა გაიტაცა 1 მინიმარკეტიდან, 4 აფთიაქიდან და ბუკმეიკერული კომპანია OPAP-ის 3 ოფისიდან. ნადავლი 15 595 ევრო იყო.
ამ ამბავს როგორც სალონიკში, ისე მთელი საბერძნეთის მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოყვა. ადგილობრივმა მედიამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 წლის ქართველის ძარცვების პირადი რეკორდი ბოლო 8 შემთხვევით არ შემოიფარგლება და 11-ს შეადგენს. ის 2019 წელს სამი კომერციული ობიექტის დაყაჩაღებისთვის იყო დაკავებული. ოდიშვილი პოლიციამ ამჯერადაც დააკავა და ახლა სასამართლოს მოლოდინშია. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ანალოგიური დანაშაულისთვის ციხიდან 4 თვის წინ გათავისუფლებულ გიორგი ოდიშვილს საბერძნეთის პროკურატურა სერიულად ჩადენილ ყაჩაღობას, მუქარას და იარაღის უკანონო ტარება გამოყენებას ედავება. მის ბრალს ის ფაქტიც ამძიმებს, რომ დაკავების მომენტში რეპერმა პოლიციელების პნევმატური იარაღი დაუმიზნა და გაქცევა სცადა.