ვანო მერაბიშვილს გამოძიებისთვის ფალიაშვილზე მომხდარი დაპირისპირების საკუთარი ვერსია ჯერ კიდევ არ მოუყოლია. ყოფილი პირველი პოლიციელი, თბილისის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე არ გამოჩენილა, უცნობია ისიც, ვინ იცავს მის ინტერესებს და ზოგადად, აპირებს თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საგამოძიებო უწყებას ამ ეტაპისთვის მხოლოდ გიორგი შარაშიძის ჩვენება აქვს, რომელმაც ინციდენტის ღამე დეტალურად აღწერა, ისაუბრა დაპირისპირების მოტივებსა და მიზეზებზე. თავად უცნობის სიძე, კურიერისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ მედიასთან აღარ საუბრობს, მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი სწორედ მერაბიშვილზეა დამოკიდებული. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, თუკი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, არ ჩაიტარებს ექსპერტიზას, არ იტყვის, რომ ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო, მაშინ, გიორგი შარაშიძეს ბრალსაც ვერ წაუყენებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, აფთიაქში ვანო მერაბიშვილიც და გიორგი შარაშიძეც მარტოები იყვნენ, შეხლა-შემოხლა მხოლოდ ”ავერსის” რამდენიმე თანამშრომელმა დაინახა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია გამოკითხა თუ არა ისინი გამოძიებამ, ასევე უცნობია ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა ვიდეო-კამერის ჩანაწერები. აფთიაქში ამ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ.
აფთიაქის თანამშრომლებისგან განსხვავებით, ინციდენტის დეტალები იცინის ვატო შაქარიშვილმა, რომელმაც ცემის ფაქტი პირველმა გაასაჯაროვა. მოძრაობა ”აიიას” წარმომადგენელი ახლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საგამოძიებო უწყებაში მისვლასა და მის პირველ პოზიციას ელოდება, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ მერაბიშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას.
მომხდარის და ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში მათი ყოფილი მაღალჩინოსნის ცემის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.
”ქართული ოცნება” ძალადობრივი გზით პოზიციის გამოხატვას ემიჯნება. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ მერაბიშვილის პერსონის მიმართ ნეგატიური განწყობის მიუხედავად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია.
ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით საქმეს ბრალდებული არ ჰყავს.