ჯერ კიდევ უცნობია მივა თუ არა პოლიციაში გამოკითხვაზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს. უკვე გამოიკითხა გიორგი შარაშიძე, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ფაქტი "კურიერთან" ექსკლუზიურად დაადასტურა.
სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს ის პოლიციის განყოფილებაში. გია გაჩეჩილაძის სიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამასთან, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის გამოსვლა და იმაზე საუბარი, რომ საზოგადოებაში მის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს სიძულვილი პოლიტიკურად არამომგებიანია.
"არ არის ეს ის ფორმა, რითაც ადამიანები უნდა ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. საუბედუროა საქართველოსთვის, მისი ისტორიისათვის, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის მიმართ დათესეს ისეთი სიძულვილი და სისასტიკის ისეთი მაგალითები აჩვენეს, რომ მათთვის რთულია ცხოვრების გაგრძელება.
მერაბიშვილის ინტერესებში, საზოგადოების წინაშე გამოჩნდეს, რაღაც პოზიცია გამოხატოს ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვას იმას, რომ მის მიმართ სიძულვილი კიდევ არსებობს, ამ თემაზე საუბარი მისთვის რა საკვირველია მომგებიანი არ არის," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.