უკრაინელი გმირების საჯარო სოლიდარობის გამო, ქართული წარმოშობის რუსი არტისტი, შესაძლოა, სამაგალითოდ დასაჯონ. პუტინის მხარდამჭერი რუსი პოლიტიკოსები უკვე ღიად ითხოვენ ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. "დიდება გმირებს" - ეს ფრაზა მომღერალმა დუბაიში, ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე თქვა. ფაქტი მოსკოვში ნაციონალისტური სლოგანის პროპაგანდად შეფასდა.
"სიმახინჯე და ღალატი" - ასე აფასებს ვალერი მელაძის ქმედებას ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა, რომელიც მომღერლისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს. დუმის დეპუტატი სერგეი მირონოვი კი მიიჩნევს, რომ მელაძეს მოქალაქეობასთან ერთად, ყველა ტიტულიც უნდა ჩამოართვან.
ვალერი მელაძისგან განსხვავებით, უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაბედა ოლეგ გაზმანოვმა, რის გამოც წვეულებაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. პუტინის ფავორიტი მომღერლისთვის დუბაიში მიკროფონის წართმევა სცადეს.
მოსკოვმა დევნა გამოაცხადა ყველა იმ მომღერალსა და ხელოვანზე, რომელიც არ იზიარებს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ მიზეზით ქვეყანა დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა ალა პუგაჩოვა. მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი კი უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთმა უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა. წლების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პუგაჩოვა მოსკოვში გამართულ საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობდა. პრიმადონამ მიმართვა უკრაინის დროშის ფერებში ისრაელიდან ჩაწერა.
პუგაჩოვამ ქვეყანა დატოვა, ისინი კი ვინც რუსეთში დარჩნენ და კრემლის პოლიტიკას ღია მხარდაჭერას უცხადებენ, უკრაინის შავ სიაში მოხვდნენ. კიევმა სანქციები დაუწესა რუსული შოუბიზნესის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ პირადად ჩავიდნენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საჯარო თანადგომა გამოუცხადეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს. უკრაინის შავ სიაში მოხვდნენ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა დიმა ბილანს, ლარისა დოლინას, ვლადიმირ პრესნიაკოვს, მიხაილ შუპუტინსკის, ირინა ალეგროვას და სხვებს.