ქალაქის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ, გიორგი შარაშიძემ მხოლოდ ის თქვა, რაც "რუსთავი 2-ს" ექსკლუზიურად დაუდასტურა. მომღერალ "უცნობის" სიძემ, რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, მერაბიშვილის ცემის დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა.
ვრცელი განმარტება "კურიერთან" მისმა ადვოკატმა გააკეთა. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კონფლიქტი ბუტა რობაქიძის ხსენებას მოჰყვა. შარაშიძის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა და ძალოვანმა 2004 წელს მოკლული რობაქიძე ცინიკურად მოიხსენია, რის გამოც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
2 იანვარს, ფალიაშვილის 15 ნომერში მომხდარ ჩხუბს ავერსის აფთიაქის თანამშრომლები დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირება აფთიაქის კართან მოხდა, თუმცა კონფლიქტის მონაწილეების გარჩევა ვერ შეძლეს.
ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტს, დღეს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვატო შაქარიშვილი. მოძრაობა "აიია"-ს წარმომადგენელი პირველი იყო, ვინც დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შაქარაშვილი, "ნაცმოძრაობის ლიდერების" მიმართ აგრესიას, მათი მხრიდან რევანშისტული სურვილებით ხნის. რაც საზოგადოებას, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს ახსენებს.
გუშინდელისგან განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მერაბიშვილის ცემის ფაქტი დღეს აღარ უარყვეს. პარტიაში ინციდენტს ძალადობის წახალისების შედეგს უწოდებენ.
ძალადობრივი გზით პოზიციის გამოხატვას ემიჯნება საპარლამენტო უმრავლესობაც. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ მერაბიშვილის პერსონის მიმართ ნეგატიური განწყობის მიუხედავად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია. კანონმდებლების აზრით, ვანო მერაბიშვილს, სასჯელის მოხდის გარდა, მორალური პასუხისმგებლობა არ აუღია, რაც მოქალაქეების მხრიდან ხშირად მტკივნეულად აღიქმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერაბიშვილის ცემის ფაქტზე საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. "კურიერის" ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი გამოკითხვაზეც დაბარებულია, თუმცა ყოფილი პირველი პოლიციელი ამ დრომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.