26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ერთად დგას უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე აქვს საერთო პოზიცია რუსეთის აგრესიაზე" - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი

პუტინის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა - ამის შესახებ გერმანიის ვიცე კანცლერმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადეს. მათ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირში ენერგოდამოუკიდებლობაზე, განახლებადი ენერგო რესურსების შექმნის აუცილებლობაზე და პარიზის შეთანხმების შესრულებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენერგო რესურსების ღირებულება მცირდება, ისინი მომავალში ფასების ზრდას არ გამორიცხავენ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე კონტინენტი უსაფრთხოებისა და ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა. 

"ნორვეგიისა და გერმანიის ერთობლივი პასუხისმგებლობაა რომ მოკავშირეებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ მათ უფლებაში რომ დაიცვან საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ერთად დგას უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე აქვს საერთო პოზიცია რუსეთის აგრესიაზე. ეს კრიზისი გვიბიძგებს ენერგეტიკული ტრანსფორმაციისკენ ევროპაში,” - ამბობს იონას გარ სტორი.

გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა დაანგრია მშვიდობიანი წესრიგი ევროპაში.

"რა თქმა უნდა ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ფასები კიდევ ერთხელ შეიძლება გაიზარდოს. ახლა შემიძლია ვთქვა რომ მარაგები ევროპაში და განსაკუთრებით კი გერმანიაში 90%-ით სავსეა. ფასები კი ზამთრის განმავლობაში შემცირდა. იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველას შეუძლია მშვიდად იყოს, რომ მომავალი ვარდისფერ ფერებშია, რა თქმა უნდა, მცდარია. ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ. ომია, ახლა როცა ვლაპარაკობთ ხალხი იღუპება და ენერგეტიკული სიტუაცია დაძაბულია. ვლადიმერ პუტინმა დაანგრია მშვიდობიანი წესრიგი ევროპაში. ეს ომი ასევე მიმართულია მისი მოსახლეობის წინააღმდეგაც,“ - აცხადებს რობერტ ჰაბეკი.

დღის ამბები