უკრაინაში მასშტაბური შეტევები გრძელდება. 2 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა საარტილერიო დაბომბვას ბახმუტში. დაიბომბა ნიკიპოლი, სადაც 1 ადამიანი დაშავდა. აფეთქების ხმა ისმოდა ოკუპირებულ მელიტოპოლშიც.
უკრაინაში უფრო ინტენსიურ ბრძოლებს მარტიდან ელოდებიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 80 რუსი სამხედრო დაიღუპა და დაშავდა უკრიანელების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად ოკუპირებულ ტოკმაკზე. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს რუსული სუ-25-ის თვითმფრინავი, კა-52 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ორლან 10.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ყოველდღიური მიმართვის დროს დამატებითი დახმარების შესახებ ისაუბრა. ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ქვეყანა მიღებს უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ფრანგული წარმოების ტანკებს.
"დღეს არსებობს ახალი და მძლავრი შედეგები ჩვენი დიპლომატიური მარათონიდან. საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ფრანგული წარმოების ტანკებს. ახალ "რამშტაინამდე" ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები. აუცილებელია, რუსულ აგრესიას წერტილი წელს დაესვას და არ გადაიდოს თავდაცვის არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასეთი შესაძლებლობა," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.