26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ნიკა მელია მშვიდობის ხიდზე, ლევან ხაბეიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან - ენმ-ის დაპირისპირებული ფრთა აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მსვლელობით დასრულდა. იდეამ მოწონება მხოლოდ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებში მოიპოვა. ორად გაყოფილ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის ლიდერებმა ერთობას ვერც შეკრების ლოკაციების შეჯერებაში მიაღწიეს, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში მორიგი ბრალდებების და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ხაბეიშვილმა საკუთარი ინიციატივით მომხრეები ჯერ მთავრობის კანცელარიასთან მოაბილიზა ამის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს, თუმცა თავიდანვე იცოდნენ, რომ ბიზნეს ცენტრში ადრესატი არ დახვდებოდათ.

მთავრობის კანცელარიასთან მელიას ფრთის წარმომადგენლები დღეს არ მისულან, თუმცა გამოჩნდა ანზორ მელია, რომელიც მოგვიანებით მშვიდობის ხიდზეც იმყოფებოდა. იქ ნიკა მელიას გუნდის წევრები იყვნენ შეკრებილები, ანზორ მელიამ ხაბეიშვილი აქციების ხელოვნურად ჩაშლის მცდელობაშიც ამხილა.

ანზორ მელიას შეფასებები ლევან ხაბეიშვილისთვის - მამის მხრიდან შვილის მხარდაჭერად შეფასდა. ხაბეიშვილმა კითხვით დღეს ნიკა მელიას მიმართა და დაინტერესდა, რატომ არ მივიდა მშვიდობის ხიდზე და რატომ აირჩია ზუგდიდში ყოფნა?!

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ კონკურენტს ზუგდიდიდან უპასუხა და შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია დედაქალაქის გარდა რეგიონებში,მათ შორის სამეგრელოშიც მნიშვნელოვანი იყო.

მელიას გუნდის წევრებმა შეფასებები თბილისშიც გააკეთეს და ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას არასწორი და შიდა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდეს, ხაბეიშვილის ფრთის წევრებმა კი თავის მხრივ კრიტიკა მიუღებლად მიიჩნიეს.

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გამოჩენას ჭორვილაში. ეს ერთ-ერთი ლოკაცია იყო, სადაც აქტივისტებმა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.

ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში გავლენების მოპოვების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების მოახლოებასთან ერთად შიდა პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნებს 28-29 იანვარს გეგმავს.

 



დღის ამბები