კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა. ეჭვმიტანილებიდან ორი მამაკაცი და ერთი ქალია. საგამოძიებო უწყების მიერ ალიკანტესა და ვალენსიის მუნიციპალიტეტებში იდენტიფიცირებულია ქურდობის 40-მდე ფაქტი. ქართველების დაჯგუფების დაკავებას ესპანური მედიაც აშუქებს.
დაკავებულ ორ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამავე ჯგუფის წევრი ქალი კი გირაოთი გაათავისუფლეს. პოლიცია განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა კატალიზატორები ქართველი მძარცველების სამიზნე.
პოლიცია ავტომობილის მძღოლებს რჩევებსაც აძლევს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ მანქანები კარგად განათებულ ადგილებზე დააყენონ, პოლიციის რეკომენდაციით, მძღოლებმა კატალიზატორები საღებავით უნდა მონიშნონ, ან მასზე ვინ კოდი დაიტანონ. დაცვის ეს მექანიზმი სამართალდამცველებს მოპარული ავტონაწილის იდენტიფიცირებას გაუადვილებს.
ევროპაში ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ბოლო რამდეიმე თვეში ქართველების დაჯგუფება კატალიატორების ქურდობაში ამხილეს. ავტომობილების ძარცვაში ბრალდებულთა დასაკევებლად ცოტა ხნის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა პოლონეთის დედაქალაქშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ დაეცა ვარშავაში ერთ-ერთი ქურდობის დროს ქართველ მძარცველს ავტომობილი.
ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმის განხილვას სასამართლო სავარაუდოდ მომავალ თვეს დაიწყებს. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული კატალიზატორები, ნაღდი ფული და ხელსაწყოები ამოიღო.