26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
პარალელური აქციები "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით - "მშვიდობის ხიდთან" აქციას ნიკა მელიას მხარდამჭერები მართავენ

პარალელური აქციები "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით - შიდა პარტიულ არჩევნებში კონკურენტებმა აქციები ერთი მოთხოვნით, თუმცა სხვადასხვა მისამართზე დააანონსეს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რამდენიმე ადგილას იკრიბებიან. ნიკა მელიამ თანაგუნდელებს მშვიდობის ხიდთან მისვლისკენ მოუწოდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე თავად ზუგდიდში წავიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა და მხარდამჭერებს იქ შეკრებისკენ მოუწოდა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამ წუთებში "მშვიდობის" ხიდზე ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას მართავენ.

"დღეს, უნიკალური დღე არის - მთელს მსოფლიოში, ბევრ დედაქალაქში და სხვადასხვა კონტინენტზე იმართება სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მსგავსი პრეცედენტი მე უბრალოდ არ მახსენდება. ყველგან, სადაც არსებობს საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ და საქართველოშიც, რამდენიმე მსხვილ ქალაქში არის შეკრება მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით,"-  აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. 

"მშვიდობის ხიდთან" იმყოფება აკაკი მინაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სხვა ლოკაციაზე აქციის დაგეგმვა, არასწორი ქმედება იყო. 

"ჩემი აზრით არასწორი მოქმედება იყო მათი მხრიდან, თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან ყველანი საერთო იდეის ირგვლივ ვართ გაერთიანებულები. ეს იდეა არის ქვეყნის გადარჩენა და მისი დაბრუნება ევროპულ გზაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი.

დღის ამბები