უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშის სიგნალი ახალი წლის დღეებშიც ისმის. ჩამოგდებულია სხვადასხვა ტიპის 80-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი, ლიკვიდირებულია 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, თუმცა წარმატებულ კონტრშეტევას ახლავს დანაკარგებიც - ქვეყანა მშვიდობიან მოქალაქეებს გლოვობს, რომლებიც ტრადიციულ რუსულ დაბომბვას შეეწირნენ.
კალიბრის ტიპის 2 რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის ოლქის თავზე. აფეთქებულია ირანული წარმოების 5 კამიკაძე - დრონი. მძიმე ვითარებაა სუმის ოლქში. ტერიტორიის მისამართით აგრესორმა მძიმე არტილერიიდან ცეცხლი მინიმუმ 70-ჯერ გახსნა. აფეთქებულია სკოლის შენობა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
პოტიომკინსკის კუნძული უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. ეროვნული დროშის აღმართვამდე იყო მასშტაბური იერიში. ოკუპანტების 13 პოზიციაზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ლიკვიდირებულია 300-ზე მეტი რუსი სამხედრო, განადგურებულია 5 საზენიტო-სარაკეტო პოზიცია.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით. იქ ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალის 10 შეტევა მოიგერიეს. შედეგად აგრესორმა დაკარგა ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სვატოვოს დასახლებაში.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაკლისი ცოცხალი ძალის მხრივ კატასტროფულ შედეგებს აღწევს. რის გამოც კრემლი, უახლოეს პერიოდში, მობილიზაციის მეორე ტალღას გამოაცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, იგეგმება 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება.