მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან - სოფელ კოშკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც ისინი აიყვანეს. ორი მოქალაქე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სოფელი კოშკის ოკუპირებული ტერიტორიიდან წაიყვანეს.
უკანონო დაკავების ფაქტს ერთი თვითმხილველი ჰყავს. ის "კურიერთან" საუბარისას ამბობს, რომ დაინახა პირუტყვი, რომელმაც ე.წ. საზღვარი გადაკვეთა მწყემსებთან ერთად. როგორც ის ამბობს, გასაფრთხილებლად წავიდა, რათა ორივე მათგანი უკან დაბრუნებულიყვნენ, თუმცა დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ არცერთი იქ აღარ დახვდა.
"მივხვდი, რომ საქონელი უკვე ისეთ ტერიტორიაზე მიდიოდა, სადაც ე.წ. საზღვარია უკვე და იქ არ აყავდათ ხოლმე. მე მეგონა, ორნი რომ იყვნენ, ახალი წლის დღეებია და ნასვამები იქნებიან მეთქი და ალბათ გაექცათ მეთქი. 10-15 წუთი ვუყურებდი და მერე წავედი და აღარ დამხვდნენ აღარც ერთი აღარ დამხვდა", - ამბობს თვითმხილველი.
მორიგი უკანონო გატაცების საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე ჩართულია და უწყება ინტენსიურად მუშაობს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისთვის.