26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ცივ იარაღზე სანქციები მკაცრდება - რა გამოხმაურებები მოჰყვა ცვლილებებს, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა

ცივ იარაღზე სანქციების გამკაცრებას, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ჩანაწერი, ერთის მხრივ, ბუნდოვანია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ  ჯარიმების გაზრდით კრიმინალის დამარცხება რთულად წარმოუდგენია, თუმცა ამბობს, რომ ცივი იარაღი უკანონოდ არავინ არ უნდა ატაროს. 

"ზოგადად, მგონია, რომ კრიმინალური სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ყაჩაღობას, ქურდობას, ძარცვას და ამ შემთხვევაში, თუ ვინმე ფიქრობს, რომ კრიმინალს დაამარცხებენ ჯარიმების გაზრდით, არ მგონია მაინც და მაინც ნორმალური. კონკრეტული საურავები, რომელიც იზრდება, მე არ მგონია რომ მიმართული იყოს კრიმინალის მარცხთან, ეს უფრო ჰგავს იმას, როგორ გაძარცვონ ქართველი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ის, რომ ცივი იარაღი უკანონოდ ვინმემ არ უნდა ატაროს, ამაში ორი აზრი არ არსებობს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მიზანი მძიმე დანაშაულთან ბრძოლა და მისი პრევენციაა.

"სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა იმ გაუაზრებელ საქციელს, რასაც აქვს ადგილი. ამიტომ, ჩვენ გარდა იმისა, რომ კანონს ვამკაცრებთ, ასევე პრევენციულ ღონისძიებებსაც ახორციელებს პოლიცია. ეს არის ე.წ. ქუჩაში როცა გადაადგილდებიან პოლიციელები და ხდება იდენტიფიცირება პირის ქუჩაში, ზედაპირული შემოწმება იმისათვის, რომ დადგინდეს ხომ არ აქვს დანა და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, პოლიციის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის კლებას და მძიმე დანაშაულის პრევენციას,“- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

შეგახსენებთ, რომ ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები უკვე გამკაცრებულია, გუშინდელის შემდეგ მოქმედებს ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. კანონის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200-ის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დღის ამბები