უკრაინაში ომის დროს რუსეთის 538 მობილიზებული მოქალაქე დაიღუპა - ინფორმაციას BBC ავრცელებს, ეს მონაცემები დაითვალეს რუსული მედიის მიერ გამოცხადებული ამბების მიხედვით, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რეალური სტატისტიკა გაცილებით დიდი იყოს. ამ მონაცემებში არ შედის იმ დაღუპულთა რაოდენობაც, რომელიც დონეცკის ოლქში, მაკეევკის დაბომბვას ემსხვერპლა - ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 63 რუსი, მაგრამ ვრცელდება 400-მდე სამხედროს დანაკარგის შესახებ.
ბოლო დღეებში უკრაინამ მრავალი დარტყმა განახორციელა რუსების კონცენტრირებულ წერტილებზე - მედიის ცნობით, უკრაინულმა ჯარმა გაათავისუფლა ველიკი პოტომკინსკის კუნძული ხერსონის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა 13 შეტევა განახორციელეს რუსების კონცენტრირებული ჯარის მონაკვეთზე.
ამავე განცხადების თანახმად, რუსებმა შეტევის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა, 52 საჰაერო შეტევა და 70-ზე მეტი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გამოიყენეს.
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმის და ნიკოლაევის ოლქებიც დაბომბეს. დაზიანებულია სკოლა და ელექტრო გადამცემი ხაზები. ამასთან გვიან ღამით კიდევ ერთი ჟრნალისტის დაშავების შესახებ გახდა ცნობილი- ომის გაშუქებისას დაზიანდა გერმანელი რეპორტიორი - ის გაზეთ „Bild”-ის წარმომადგენელია.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე "შაჰიდებით" ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს.
"წლის დასაწყისიდან სულ ორი დღე გავიდა, ხოლო უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონია ჩამოგდებული. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაძაბული ღამეებია მოსალოდნელი.
გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით". ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტერორისტების ეს მიზანი ისეთივე წარუმატებელი იყოს, როგორც ყველა სხვა.
ჩვენი ამოცანაა, უკრაინას ყოველდღიურად ჰქონდეს წარმატებები, მიღწევები, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებები ტერორისტებსა და ტერორზე. ყოველი ჩამოგდებული დრონი, ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ყოველი დღე ელექტროენერგიითა და მისი მინიმალური შეფერხებით - ჩვენი ხალხისთვის სწორედ ასეთი გამარჯვებაა. და ფრონტზე ჩვენი სამხედროების ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, ყოველი შენარჩუნებული პოზიცია ისეთი წარმატებებია, რომლებსაც ახლა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.