26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"კატარი, თუ ყატარი?", "პრაიმჰაუსი", "ტრენდიოლი" - ნახეთ, რას "გუგლავდნენ" საქართველოში ყველაზე ხშირად 2022 წელს

ჩვენს შესახებ ყველაზე მეტად ის მეტყველებს, რაც გვაფიქრებს, რასაც ვკითხულობთ და ვეძებთ. ციფრულ სამყაროში კი ფიქრები გამჭვირვალეა, შესაბამისად ძიებაც. გუგლმა ტრადიციულად გაანალიზა თუ რის ძებნაში გავიდა 2022 წელი და ტენდენციებს მოუყარა თავი.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში წელს ყველაზე მეტი ადამიანი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატით იყო დაინტერესებული, რომელსაც კატარმა უმასპინძლა. მართალია გუგლს არ უთქვამს, თუმცა ბევრი წელს იმასაც "გუგლავდა", თუ რომელია უფრო სწორი კატარი თუ ყატარი? საქართველოში ყველაზე ძიებადი ახალი ამბები ომს, უკრაინას და ვოლოდიმერ ზელენსკის უკავშირდებოდა. მეტმა ქართველმა მიმართა გუგლს ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებითაც, რაც სავარაუდოდ ლონდონის პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდებოდა, სადაც ერთ თვეში 3 პრემიერი გამოიცვალეს და დაკარგეს დედოფალიც.

იმატა იმ ადამიანების რიცხვმაც, რომლებიც გუგლის მეშვეობით თურქულ ონლაინ მაღაზია "ტრენდიოლში" გარკვევას ცდილობდა. "ტრენდიოლმა" ლირაც ტრენდული გახადა. უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ლარისა და ლირის ონლაინ კონვერტაცია, თუმცა არა მხოლოდ. წელს აქტუალური იყო რუბლის კურსიც და მისი მიმართება დოლართან, რაც დიდი ალბათობით, რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეულების რიცხვს უნდა მივაწეროთ საქართველოში.

გაზრდილია ინტერესი კრიპტოვალუტასთან და მის ფასებთან დაკავშირებით. საძიებო სისტემაში ყველაზე ძიებადი ფრაზა წელს სწორედ : "ტესლა ვიდეო მედია" და ბიტკოინების ფასი იყო. ეს ამბავი წელს ცუდად დასრულდა, რადგან იოლი ფულის შოვნის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ პირამიდაში აღმოჩნდნენ, საიტზე დაბანდებული ფული კი აორთქლდა, ისევე, როგორც თავად საიტი.

ყველაზე ძიებადი ფრაზების კატეგორიაში მესამე და მეოთხე ადგილს ონლაინ კინოთეატრები იყოფენ. "google trend-ის" მიხედვით ყველაზე ხშირად კი ქართველები გუგლით სიტყვების თარგმანს და ამინდის პროგნოზს ეძებენ. პირველ ათეულში 3-ჯერ გვხვდება აზარტული თამაშების ვებ გვერდებიც. ყველაზე ძიებად საიტებში კი თავად გუგლის, იუთუბის და ფეისბუქის შემდეგ - ილიაუნი, ვიკიპედია და ინტიმური ვებგვერდები მოხვდნენ. ათეულს სპორტული საიტი fleshcore ასრულებს,რაც იმის კიდევ ერთი ხაზგასმაა,თუ როგორ უყვართ საქართველოში სპორტი.

სწორედ გუგლმა გვამცნო, რომ იუთუბის ყველაზე მოძებნადი გასართობ/სატელევიზიო შოუების კატეგორიაში პირველ ოთხეულს მყარად ამაგრებს "რუსთავი 2-ის" ყველაზე რეიტინგული შოუ "პრაიმ ჰაუსი". პროექტის სოცმედიის მენეჯერი კი ამას იმით ხსნის, რომ მაყურებლებმა პირველი საცდელი სეზონი მოიწონეს და შესაბამისად ინტერესი გაიზარდა მეორე სეზონის მიმართ. ამაზე ციფრებიც მეტყველებს - თუ პირველ სეზონზე ერთდროული მაყურებლების რეკორდი 70 ათასი ადამიანი იყო, წელს ეს რიცხვი 40 ათასით გაიზარდა.

გუგლს იმაზეც აქვს პასუხი, თუ როგორი იყო 2022 წელი მსოფლიოსთვის. აღმოჩნდა, რომ წელს პლანეტა დედამიწაზე ძიების რეკორდი მოხსნა სატელეფონო თამაშმა სახელად wordle, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობა ისე დააინტერესა რომ ძიებაში პირველ ადგილზეა. მას მოჰყვება ინდოეთისა და ინგლისის დაპირისპირება კრიკეტში. ყველაზე ძიებადი ამბავი გლობალურადაც უკრაინის სიახლეები იყო. ასევე დედოფალი ელიზაბეტის გარდაცვალება. მსოფლიო კითხულობდა არჩევნებისა და ლატარიის შედეგებს. ცდილობდნენ მეტი შეეტყოთ მაიმუნის ყვავილზეც.

ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო დაპირისპირების მიმართ უპრეცენდენტო ინტერესი გუგლზეც აისახა. საძიებო სისტემაში ორ მსახიობს ყველაზე მეტი ძებნა დაუგროვდათ. ისევე როგორც სხვა ჰოლივდელი ვარსკვლავების დაპირისპირებას, ამჯერად სცენაზე - მსოფლიოს აინტერესებდა მეტი ვილ სმიტის შესახებ, რომელმაც ოსკარის დაჯილდოვებაზე კრის როკს სილა გააწნა. ეძებენ კრის როკსაც, თუმცა მას ვლადიმერ პუტინმა გაუსწრო, რომელიც გუგლში ყველაზე ძებნადი ადამიანების ხუთეულში მეოთხე ადგილზეა.

ინდოეთის მოსახლეობის ზრდა გუგლზეც აისახა, რადგან საძიებო სისტემაში ყველაზე მეტად სწორედ ინდოელი შემსრულებლები და სიმღერები გვხვდება. რაც შესაძლოა ქართველი მსმენელებისთვის ბევრის მთქმელი არ იყოს, თუმცა ამ კატეგორიაში გვხვდება მსოფლიოს ნაცნობი ჰიტებიც.

განსხვავებული იყო რეალობა უკრაინაში, ეს გუგლის ძიებაშიც აისახა. გუგლი გვიყვება, რომ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი აქ გენერატორი, სანთელი, მარილი, ე.წ. პოვერბენკი, კალიუმის იოდი და ჯავშანჟილეტი იყო. ასევე საფოსტო მარკა წარწერით "რუსკი კარაბლ". უკრაინელებს აინტერესებდათ თუ ზუსტად რა იყო : სვიფტი, ლენდ ლიზი, ზუსტად რას გულისხმობდა საგანგებო სიტუაცია და საომარი მდგომარეობა, ნატოც. ყველაზე ძიებადი კი წელს უკრაინაში საჰაერო განგაშის სიგნალის რუკა იყო, ასევე ვებ გვერდი "ე-დოპომოჰა", რომელიც ომით დაზარალებულებს ეხმარება. საქართველოს მსგავსად უკრაინაშიც ბევრმა გადაამოწმა ჟირინოვსკის გარდაცვალების ამბავი.

წელს უკრაინას ინტერნეტი არ მოკლებია, ილონ მასკის სტარლინკის სატელიტები უკრაინელებს დღემდე უფასოდ ემსახურება. ინტერნეტში კი წელს ბევრი უკრაინელი ცდილობდა იმაში უკეთ გარკვევას, თუ რა ხდებოდა მარიუპოლში, ხერსონში, გოსტომელსა და ბუჩაში. ყველაზე ძიებადი ადამიანი კი უკრაინაში ოლექსეი არისტოვიჩი აღმოჩნდა, მხოლოდ მას შემდეგ პუტინი. პუტინით აიხსნება ისიც, რომ მაგალითად რუსეთში ყველაზე ძიაბადი ფრაზა "მობილიზაცია" იყო, რასაც მოჰყვებოდა კითხვა "როგორ დავტოვოთ რუსეთი ?".

გუგლი 2023 წლის ახალი ტენდენციების ათვლას ზუსტად 1 იანვრიდან იწყებს, წლის ბოლოს კი გვეტყვის, თუ რა იყო 2023 წელს ყველაზე აქტუალური, დასამახსოვრებელი და მოთხოვნადი მსოფლიოში.

დღის ამბები