26 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
გამორჩეული სპორტული ღონისძიებები და ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირ​ი - მსოფლიო სპორტი 2022

2022 წელს, მსოფლიო მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართა, წლის მთავარ მოვლენას კატარმა უმასპინძლა. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი პირველად ისტორიაში, არატრადიციულ დროს, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა.

ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა ტურნირმა მოლოდინი გაამართლა, გულშემატკივარმა არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა იხილა, შემოსავლების მხრივ კი რეკორდი დამყარდა. ფიფამ" 6 მილიარდი გირვანქა მიიღო, რაც 2018 წლის მუნდიალზე 840 მილიონით მეტია.

გამორჩეული იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც, 36 წლიანი პაუზის შემდეგ, არგენტინამ მსოფლიო თასი მოიგო, ლიონელ მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მსოფლიო თასი არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ყატარის შეიხის მიერ ნაჩუქარ მოსასხამში, ბიშტში გამოწყობილმა აღმართა.

დაჯილდოვების დასრულების შემდეგ, სტადიონზე ნამდვილი ფიესტა დაიწყო, ფეხბურთელები გულშემატკივრებთან ერთად ლა მოსკას მუჩაჩოს მღეროდნენ.

ჩემპიონობა არგენტინაში განსაკუთერბულად აღნიშნეს, ბუენოს აირესში ფინალის დასრულებისთანავე სახალხო ზეიმი დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი საყოველთა დასვენების დღეთ გამოაცხადა.

მსოფლიო ჩემპიონებს სამშობლოში მილიონობით ადამიანი შეეგება, ბუენოის აირესის ქუჩებში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი გამოვიდა.

მესისგან განსხვავებით 2022 წელი არაერთგვაროვანი იყო კრიშტიანო რონალდოსთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რონალდომ პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მანჩესტერ იუნატედთან კონტრაქტი გაწყვიტა. 30 დეკემბერს რონალდომ საუდის არაბეთის ალ ნასრისთან ზღაპრულ კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულება 2025 წლამდე თანამშრომლობას ითვალისწინებს, არაბული კლუბი პორტუგალიელ ვარსკვლავს წელიწადში 200 მილიონ ევროს გადაუხდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც 2022 წელს უკავშირდება, ფრანგი ფეხბურთელის კილიან მბაპეს და პარი სენ ჟერმენის ახალი კონტრაქტია. სამი წლის განმავლობაში ფეხბურთელს შეუძლია 636 მილიონი ევრო გამოიმუშავოს. მბაპეს წლიური ხელფასი 72 მილიონ ევროს შეადგენდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსი 180 მილიონ ევროა, რომელსაც ფორვარდი სამ ნაწილად მიიღებს. გარდა ამისა, მბაპეს ეკუთვნის ბონუსი ლოიალობისთვის. 2023 წლის ზაფხულში ის მიიღებს 70 მილიონ ევროს, 2024 წელს – 80 მილიონს და 2025 წელს კი 90 მილიონ ევროს.

ისტორიული გამოდგა 2022 წელი მადრიდის რეალისთვის, სამეფო კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგა 14-დ მოიგო. რეალის ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა კი უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

2022 წელს ჩემპიონი გამოვლინდა ევრბასკეტზე. ტურნირზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იყო საუკეთესოს წოდება მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ესპანელებმა მოიპოვეს. ბერლინში გამართულ ფინალში ესპანელმა კალათბურთელებმა საფრანგეთი 88-76 დაამარცხა.

ფორმულა 1-ის ნიდერლანდელმა მრბოლელმა მაქს ვერსტაპენმა 2022 წელს იაპონიის გრანპრის მოიგებით ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფერსტაპენი ისტორიაში მე-17 პილოტი გახდა, რომელმაც ფორმულა 1-ის ტიტული მინიმუმ 2-ჯერ მოიგო,

2022 წელს აქტიური სპორტს ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაემშვიდობა. 41 წლის ლე­გენ­და­მ კარიერის ბოლო მატჩი ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტუნრირზე ჩაატარა. შეჯიბრის შემდეგ გამართულ გამოსაშვიდობებელ ღონისძიებაზე კონკურენტები, ჩოგბურთის ვარსკვლავები: ჯოკოვიჩი, ნადალი და ენდი მარი ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მა­ყუ­რე­ბე­ლი კი ლონ­დო­ნის საჩოგბურთო არე­ნა­ზე რო­ჯე­რის სა­ხელს სკან­დი­რებ­და. ფედერერმა 25 წლიანი კარიერის მანძილზე 20 გრანდ სლემის მოგება შეძლო, საჩოგბურთო კარიერაში მან „მილიარდ დოლარიანი ათლეტების“ კლუბშიც შეძლო შესვლა მაიკლ ჯორდანთან, ლიონელ მესისთან და ლუის ჰამილტონთან ერთად.

უკრაინელმა მოკრივემ ოლექსანდრ უსიკმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა 12 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა. გამარჯვება მოკრივემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელ ხალხს მიუძღვნა. თავად მოკრივე რუსეთ უკრაინის ომში რიგითი ჯარისკაცი იყო, მსოფლიო ჩემპიონი სხვა ცნობილ უკრაინელ სპორტსმენებთან ერთად კიევის დაცვაში მონაწილეობდა.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა სპორტული სამყარო გააერთიანა. არაერთი მხარდამჭერი აქცია გაიმართა, საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით რუსი სპორტსმენები ყველა ელიტურ ტურნირიდან დისკვალიფიცირებულები არიან.

2022 წლის მიწურულს, 29 დეკემბერს ფეხბურთის მეფე ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე გარდაიცვალა. ადამიანი რომელმაც ფეხბურთი შეცვალა, პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

ლეგენდა, რომელმაც ყველა გადამწყვეტი დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა დამარცხდა დაავადებასთან რომელიც მას 2021 წელს დაუდგინეს.

ემოციური კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პელე ოჯახის წევრებს და მეგობრებს დაემშვიდობა.

საფეხბურთო კლუბი "სანტოსის" გადაწყვეტლებით ხმარებიდან ამოღებული იქნება 10-ნომრიანი მაისური. ფეხბურთის მეფეს 3 იანვარს, სანტოსში მდებარე სასაფლაო ნეკროპოლ ეკუმენიკაზე დაკრძალავენ.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.

დღის ამბები