უკრაინაში მიმდინარე მძიმე ბრძოლების პარალელურად, 2022 მსოფლიოსთვის განსხვავებული სხვადასხვა მოვლენითაც იყო. კორონა პანდემია დასრულებულად გამოცხადდა, გაიხსნა საზღვრები, 65 პროცენტით აღდგა მსოფლიო ტურიზმი, გასულ წელს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
წელი მნიშვნელოვანი იყო სამეცნიერო მიღწევებითაც. 2022 განსაკუთრებული იყო ქალებისთვის. მსოფლიო მოდისთვის, გლობალურ ბაზრებზე მსოფლიომ ქართული კომპანიებიც გაიცნო.
"პანდემიის დასამთავრებლად ამაზე უკეთეს პოზიციაში ჯერ არ ვყოფილვართ" - ამ სიტყვებს მსოფლიო თითქმის სამი წელი ელოდა. ბოლო დროის ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვითხრა, რომ 2022 წელს კოვიდ პანდემიის მარცხზე საუბარი სიფრთხილით, თუმცა თამამად შეიძლებოდა. ვირუსი რომელმაც მსოფლიოს 6 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი წაართვა, არსად გამქრალა, თუმცა კაცობრიობამ მისი დათრგუნვის გზები იპოვა.
ამბავმა მსოფლიოს ახალი სუნთქვა გაუხსნა, გაიხსნა საზღვრებიც. ადამიანები კვლავ ამოძრავდნენ - მთებში, ზღვებზე, ქალაქებში მოგზაურობა შიშის გარეშე შევძელით. 2022 წლის დასასრულისთვის მსოფლიო ტურიზმმა აღდგენა მთელი 65 % -ით შეძლო. პანდემიის შემდეგ სამყარომ ორმაგი სილამაზე შეიძინა, თავისუფლებამ კი ორმაგი ფასი.
მილიონობით დაკარგული სიცოცხლის მიუხედავად, 2022 წელს კაცობრიობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელს პირველად მსოფლიო მოსახლეობამ 8 მილიარდი შეადგინა. პლანეტაზე ამდენ ადამიანს ჯერ არ უცხოვრია.
2022 წელს აქამდე წარმოუდგენელი სამეცნიერო გარღვევის შესახებ შევიტყვეთ. ათწლეულების მოლოდინის შემდეგ, ფუტურისტებმა დედამიწაზე "ხელოვნური მზე" აანთეს. უსაზღვრო და სუფთა ენერგიის წყარო, რომელიც გახარჯულზე მეტს გამოიმუშავებს, გარემოს ზიანის გარეშე. ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში თერმობირთვული სინთეზით მიღებული შედეგი ცვლის წარმოდგენას ენერგიის აქამდე არსებულ წყაროებზე. მეცნიერებს სჯერათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გზით წიაღისეულ საწვავებსა და ენერგიის სხვა ტრადიციული წყაროებს ჩავანაცვლებთ, რასაც გეოპოლიტიკურადაც რევოლუციური დატვირთვა ექნება. მართალია, მანამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა ფართო ხედვით ეს იმ დონის მოვლენაა, როგორიც თავის დროზე პირველი ცეცხლი ან ბორბლის გამოგონება იყო.
"აპოლოს" ცნობილი კოსმოსური პროექტის შემდეგ აშშ მთვარეზე დაბრუნდა, თუმცა ამჯერად უეკიპაჟოდ. ნასამ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა - "არტემის 1" კოსმოსში წარმატებით გაუშვა, 25 დღიანი ტურნეს შემდეგ კი კაფსულა "ორიონი" წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა. ამით კაცობრიობა შემდეგი, ამჯერად კოსმონავტების მოგზაურობისთვის მოამზადა მთვარეზე. ამ დრომდე იქ ფეხი მხოლოდ 12 მამაკაცს აქვს დადგმული. შემდეგი გაჩერება მარსია.
წარმატებული იყო წელი ქალებისთვის, რომლებიც წელს გაუკვალავ გზებს შეუდგნენ:
1. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, კატარის მუნდიალზე საფეხბურთო მატჩს ქალი მსაჯები არბიტრობდნენ.
კოსტა-რიკა - გერმანიის დაპირისპირებას სწორედ ქალი, სტეფანი ფრაპარტი უძღვებოდა, მას ბრაზილიელი და მექსიკელი კოლეგები ეხმარებოდნენ.
2. ისტორია დაწერა კათოლიკურმა ეკლესიამაც, პირველად პაპმა ფრანცისკემ სამი ქალი მრჩეველთა ვატიკანის იმ კომიტეტში დანიშნა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებს არჩევს.
3. გარდატეხები მოხდა მუსლიმურ სამყაროშიც, ეგვიპტეში "ალ აზარის" მეჩეთში დიდმა იმამმა მრჩევლად ასევე დაინიშნა პირველი ქალი. ისლამური ინსტიტუციის 1000 წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო.
4. პირველი ფერადკანიანი ქალი დანიშნა ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. მოსამართლე ჯექსონი ამით ისტორიაში შევა.
2022 სტერეოტიპების მსხვრევის წელი იყო მოდის ინდუსტრიაშიც. პირველად ისტორიაში მოდის სამყაროს დაუნის სინდრომის მქონე მოდელი შეუერთდა. ვიქტორია სიქრეტმა გარეკანზე პუერტო-რიკელი სოფია ჟირაუ დაბეჭდა, ამით მისი ბავშვობის ოცნება ახდა, სხვებს კი მოტივაცია მიეცა.
გლობალურ ბაზარზე მსოფლიომ ქართული კომპანიებიც გაიცნო. ქართველმა ახალგაზრდებმა წელი იმედითა და ოპტიმიზმით აავსეს - წარმატებული სტარტაპებით, გამოგონებებით, გუგლში, ამაზონსა და მსოფლიოს გიგანტურ კორპორაციებში დასაქმებითა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვებით.
ყველაფერი კი იმის ხელახალი დადასტურებაა, რომ ისტორიის უმძიმეს მომენტებშიც კი, მსოფლიო განვითარებას არ წყვეტს - მიიღწევა წარმატებები და ყოველთვის ხდება კარგიც, მთავარია ამის დანახვა შევძლოთ.