საზეიმო განწყობა რეგიონებში - წელს "ახალი წლის დღეები" 63 ქალაქში აღინიშნება. ზუგდიდი, ბაღდათი, გორი, ასპინძა, თელავი, ცაგერი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქალაქების, სადაც საზეიმო კონცერტები და საახალწლო პროგრამა ფოიერვერკებით დასრულდა.
ღამით ადგილობრივი მოსახლეობა ახალ წელს ქუჩაში საყვარელ მომღერლებთან და შემსრულებლებთან ერთად შეხვდა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და საახალწლო სოფელი.
ზუგდიდის მსგავსად, საზეიმო კონცერტს უმასპინძლა ბაღდათმაც. ღონისძიება თოვლის ბაბაუამ, ზღაპრის გმირებთან ერთად ორკესტრის თნხლებით გახსნა. მსმენელების წინაშე ანსამბლი "ალილო" და ჯგუფი "გუფი ლენდი" წარსდგნენ. გაიმართა საახალწლო ბაზრობა, სადაც ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთები გაიყიდა.
2023 წლის დადგომას ფოიერვერკით შეხვდნენ გორში. ქალაქმა ადგილობრივებს ცენტრში უმასპინძლა. შეკრებილებს ახალი წელი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სცენიდან მიულოცა. კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
2022 წელი სიმღერით გააცილეს ასპინძაში. ახალი წლის დადგომამდე კი, მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკზე მორგებული ღონისძიებები იმართებოდა.
ადგილობრივებისთვის კარგი განწყობის შექმნაზე იზრუნეს თელავშიც. აქ ახალი წლის დადგომამდე ერთი საათით ადრე სცენა სუხიშვილებმა დაიკავეს. 2023-ის დადგომას კი, ფოიერვერკითა და მრავალჟამიერით შეხვდნენ. ჯადოსნური ღამე "თბილისური კვარტეტისა" და "თამადას" კონცერტით დასრულდა.
სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა ცაგერშიც. საახალწლო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, შეკრებილების წინაშე ჯგუფი "გორდელა" და ლინდა ადამია წარდგნენ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტები ქვეყნის მასშტაბით, 15 იანვრამდე გაგრძელდება.