26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მსოფლიო ქვეყნების საახალწლო ტრადიციები - ვინ როგორ აღნიშნა ახალი 2023 წელი

გრანდიოზული ფოიერვერკი და 7 წუთიანი განათებების შოუ - ასე დახვდნენ 2023 წელს ახალ ზელანდიაში. 2022 წლის გასაცილებლად ოკლენდის ღირსშესანიშნაობები სხვადასხვაფრად განათდა. ზელანდიის ყველაზე დიდი ქალაქის, ცათამბჯენისა და ხიდის გასალამაზებლად ასობით კილოგრამი პიროტექნიკა გამოიყენეს. ახალი წელი პირველად კირიბატზე, იგივე შობის კუნძულზე იზეიმეს.

გრანდიოზული ფოიერვერკით გააცილა 2022 ავსტრალიამაც. სიდნეის ოპერის თეატრთან 15 წუთიანი თვალისმომჭრელი სანახაობა გაიმართა. კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ წელს პირველად სპეციალურად შოუს სანახავად სიდნეიში მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

ახალი წელი იზეიმეს იაპონიასა და კორეის ნახევარკუნძულზე. ტოკიოში 2022 წელი ტრადიციულად ასობით ადგილობრივმა ბუდისტურ ტაძარში ზარების რეკვით გააცილა.

ტრადიციას არც წელს უღალატეს დუბაიში. ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენთან წელსაც შთამბეჭდავი ლაზერშოუ გაიმართა. მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობასთან ათასობით ადამიანი გრანდიოზული ფოიერვერკის სანახავად შეიკრიბა.

2023 წლის დადგომა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ტრადიციულად ლონდონის სიმბოლომ, ბიგ-ბენმა ამცნო. 12 წუთიან ფოიერვერკს თვალს 100,000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა. ბრიტანელებმა გარდაცვლილი დედოფლის პატივის მისაგებად ლონდონის ცაზე ელისაბედ მეორის სახე გამოსახეს. თვალისმომჭრელ სანახაობაზე დასასწრებად ტემზას სანაპიროზე 2019 წლის შემდეგ პირველად ყველაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ილუმინაციები უკრაინის დროშის ფერებში იყო.

ახალ წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ საფრანგეთშიც. დედაქალაქში, შანზ-ელიზეზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა გრანდიოზული ლაზერშოუ იხილა. ფოიერვერკებმა​ გაანათეს ბერლინის ცაც.

ახალი წელი გრანდიოზულად იზეიმეს აშშ-შიც. ნიუ-იორკში, თაიმს სქუერზე გიგანტური ბროლის ბურთის დაშვების სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საახალწლო რიტუალი ნიუ-იორკის ცენტრში, ტრადიციულად, ყოველ წელს, ღამის 12:00 საათზე სრულდება. გიგანტური ბურთი მოედანზე 40 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.
ყველაზე ბოლოს კი ახალი 2023 წელი ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმეს.

დღის ამბები