ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები დღეიდან მკაცრდება. სწორედ დღიდან, 2023 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს. ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.