27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჩვენ ვხვდებით ამ დღეს  ერთი მიზნით - ეს არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა, რადგან დასავლეთი და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დედაქალაქზე თავდასხმებისთვის ემზადება.

ბოლო 24 საათის განმვლობაში, სუმის რეგიონი რუსმა სამხედროებმა 80-ჯერ დაბომბეს. დარტყმა მოხდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის რეგიონზეც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაიბომბა ხარკოვის ორი უბანი, სადაც იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მოქალაქეებს მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


"ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით შევხვდებოდით. ამის ნაცვლად მათ გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს. ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა. დღეს ეს "აღლუმი" ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ფართომასშტაბიანი ომის 182-ე დღეს. რამდენი სიმბოლოს და მნიშვნელობას, ბედსა და დანაკარგს, სიხარულსა და ტკივილს იტევს ეს სიტყვები. რამდენი სიმართლეა მათში, ჩვენი სიმართლე. სიმართლე ჩვენს აწმყოზე, რომელზეც შეუძლებელია კამათი, როგორც შეუძლებელია არ დაინახო და არ აღიარო. ჩვენი განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. და ეს არის სიმართლე ჩვენი მომავლის შესახებ. დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი.ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით. ვიღაც არის სანგრებში, ვიღაც ტანკებში, ზღვაში ან ჰაერში. ისინი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან ფრონტზე. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლააა ფრონტზე მყოფებისთვის საჭირო ნივთების მიწოდება. ვიღაც სმარტფონით ან კომპიუტერით იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თანხების მოზიდვით, რათა ფრონტის ხაზზე მყოფთათვის რაიმე მისატანი ჰქონდეთ.

ჩვენ ვხვდებით ამ დღეს სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაშიც კი, მაგრამ ერთი მიზნით - ეს არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება! მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ჩვენი მტრისთვისაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშებს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად. გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები