27 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა 15 360 მ2 მოცულობის 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 828 960 ლარს.

მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები