27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ბაიდენმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, ეს კოორდინირებული თავდასხმაა, ბანანის რესპუბლიკა! - ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე

შესაძლოა თუ არა, დღეს დონალდ ტრამპი გამოძიებამ დაკითხოს და რას ამბობს თავად ყოფილი პრეზიდენტი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით - ტრამპი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს შეხვდეს.

"ბაიდენმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა. გუშინ მარ-ა-ლაგოში საშინელება მოხდა. მესამე მსოფლიოს ქვეყანაზე უკეთესები არ ვართ - ბანანის რესპუბლიკა! ჩემი აზრით, ეს კოორდინირებული თავდასხმაა, რომელშიც შტატის და ადგილობრივი რადიკალი მემარცხენე "დემოკრატი" საოლქო და გენერალური პროკურორები მონაწილეობდნენ. ნიუ-იორკის რასისტ გენერალურ პროკურორს ვნახავ, აშშ-ის ისტორიაში ჯადოქრებზე უდიდესი ნადირობის გასაგრძელებლად! ჩემს დიდ კომპანიას და მე, ყველა მხრიდან თავს გვესხმიან. ბანანის რესპუბლიკა!" - აცხადებს დონალდ ტრამპი.

45-ე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს კრიტიკულად აფასებენ რესპუბლიკური პარტიის წევრები.

"ახლა ჩვენ ვგებულობთ, რომ ამერიკაში სამართლიანობით ყველა თანაბრად ვერ სარგებლობს. უპრეცედენტოა ყოფილ პრეზიდენტს მიადგე - უბრალოდ, რატომ არ ეკითხებიან, აქვს თუ არა იქ ისეთი რამე, რაც მათ სურთ. ის აუცილებლად მიაწვდიდა მათ შესაბამის ინფორმაციას. ასე რატომ მოიქცნენ? ისინი სხვა ადამიანებს ასე არ ეპყრობიან. რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ ახსნათ, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. არ მესმის, გენერალური პროკურორი რატომ იცდის, რატომ არ ესაუბრება ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ამერიკელებს უფლება აქვთ იცოდნენ," - აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკარტი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს სახიფათოს, იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას კი სამარცხვინოს უწოდებს. პომპეო გენერალური პროკურორისგან განმარტებებს ითხოვს.

"ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა განმარტოს, თუ რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყია," - აცხადებს მაიკ პომპეო.

დონალდ ტრამპის პალმ ბიჩზე მდებარე სახლში ჩხრეკა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს "ქვეყნისთვის ბნელი დრო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

დღის ამბები