14 წელი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან - დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსული აგრესიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. აგვისტოს ომის გმირებს პატივი უკვე მიაგო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ უკეთ გაიაზრა რუსული აგრესია. მინისტრმა, ასევე, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეინარჩუნონ პრინციპული პოზიცია და დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და პირობას ვდებთ ჩვენი ხელისუფლება, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ, დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია, ეს პრინციპული პოზიცია, ჩემის აზრით დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაციები,"-აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.