მიკოლაევში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუს ტერორისტებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლებენ უკრაინის სოციალური და ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებას.
"ახლა რუსული არმია ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოზიციები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან გადაყვანილია სამხრეთით – ჰერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარება.
სტრატეგიულად, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. აუცილებელია შენარჩუნება, რომ ტაქტიკურ დონეზეც კი ტერორისტულმა სახელმწიფომ იგრძნოს თავისი დამარცხება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ პოზიციები სამხრეთით, აღმოსავლეთით და ყველგან. უნდა შევინარჩუნოთ დაცვა, დიპლომატია და პოლიტიკა, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა – და არა მხოლოდ გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხობრივად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს. მჯერა, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ.
ვემზადებით ახალი კვირისთვის - როგორც ყოველთვის, საერთაშორისო აქტიურობით დატვირთულს. ხვალ იქნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან.
რამდენიმე დღეში გავაგრძელებ მიმართვებს საერთაშორისო საზოგადოებასთან, კომუნიკაციას სხვადასხვა აუდიტორიასთან. რაც არ უნდა მოხდეს და რა გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ ოკუპანტებს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე - დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.