27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
იყო თუ არა გაუმართავი ვერტმფრენი და რატომ არ იყენებენ სამაშველო ოპერაციებში "სუპერ პუმას" - შსს განცხადებას ავრცელებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვერტმრენი "მი-8", რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

"სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე გვიწევს ამ განცხადების გამოქვეყნება, მაგრამ უმჯობესია ფართო საზოგადოებამ იცოდეს გადამოწმებული და ზუსტი ფაქტები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.

პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

აღსანიშნავია, რომ 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის წესების სრული დაცვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და საავიაციო ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 2 ,,მი-8“ მტვ - 1 ტიპის ვერტმფრენისთვის.

ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.

გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 "სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ "სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. "სუპერ პუმა" ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.

ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუდაურის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275–ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები