27 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს - ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მისულ მსმენელს, დღეს იტალიური საღამო დახვდა

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მისულ მსმენელს დღეს, იტალიური საღამო დახვდა. კონცერტი ერთი საათის წინ დაიწყო. დასკვნით ნაწილში, ფესტივის სტუმრებს, "ქართული ხმების" მოსმენის შესაძლებლობაც ექნებათ. დღევანდელ ღონისძიებას სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან დღეს, საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.

ზღვისპირა ქალაქში გაჟღერებულმა კლასიკური მუსიკის ჰანგებმა, მსმენელის მხურვალე ტაში დაიმსახურა. რიგით მეცხრე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, დასასრულს მიუახლოვდა. სტუმრების ოვაციებით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართული იტალიური საღამო შედგა.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში იტალიის თემატიკა ჭარბობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ფაქტი სიმბოლურად საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში დღეს "ქართული ხმების" კონცერტიც გაიმართა.

პარალელურად, გურმანებისთვის იტალიელმა შეფმა იზრუნა. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ქართული და იტალიური კერძები მომზადდა.

ფესტივალის დაარსების იდეა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, იუნესკოს მშვიდობის არტისტს - ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ფესტივალის მთავარი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა და პოპულარიზაციაა. საქართველოს მასშტაბით დამწყებ მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, გამორჩეულები კი რეგულარულად მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ, საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის "ლირას" ხელშეწყობით ჩატარებული რიგით მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი, 23 ივლისს დაიწყო . ზღვისპირა ქალაქში ჩატარებული ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.

დღის ამბები