მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებას წინ 3 საათიანი განხილვა უძღოდა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა მხარეებს შორის კონფლიქტის გაგრძელების საფრთხე. 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის დავით ჯიჯეიშვილი, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის მოკლულ კუკავას არ იცნობდა და მისი სახელი და გვარი მხოლოდ შემთხვევის შემდეგ, მასმედიით გაიგო. დაკითხვისას გამომძიებლებს მოუყვა, რომ გადააგდო ის ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა. გამოძიება ამ დრომდე ეძებს დანაშაულის იარაღს - დანას.
მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, მაგრამ გაირკვა კონფლიქტის დაწყების მიზეზი. საქმის მასალების მიხედვით, მირიან კუკავამ გიორგი ხორავას დაბადების დღის წვეულებაზე მხარი გაკრა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. პირველი ინციდენტის ამოწურვის შედეგ კი, აგარაკის გარე პერიმეტრზე მკვლელობა მოხდა. დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულები ინციდენტის დეტალებს იხსენებდნენ, დაკავებულთა შორის არიან კუკავას მეგობრებიც - არცერთი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია ბრალდებულების ადვოკატებისთვის. მათი თქმით, კონფლიქტი სრულად ამოწურულია და არ არსებობს მიმალვის საფრთხე. "კურიერმა" დღეს გაარკვია, რომ საქმეს ოქროს მოწმე ჰყავს. ის ერთადერთია, რომელიც მკვლელობას შეესწრო. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა და საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
3 დღის წინ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 20 წლის მირიან კუკავა დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. გამოკითხულია 30 პირი, საქმის მასალები 4 ტომს მოიცავს. სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს დაინიშნა, რის შემდეგაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვები დაიწყება.