თავისუფალი თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დმანისის თეატრალური დასი, სპექტაკლ "ხალდეს" მაყურებელს 30 ივლისს წარუდგენს. სპექტაკლი 1875 წელს სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყებას უკავშირდება. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა, რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა და დამპყრობელს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია. ხალდელების თავგანწირვის ამბავს, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, მაყურებელი უკვე რეჟისორ, გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით გაიგებს.
სოფელ ხალდეს განსაცდელი 1875 წელს დაუდგა. მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერიამ სოფელს ახალი გადასახადები დაუწესა. სვანებმა წმ. კვირიკეს ეკლესიაში სვანური წესით დაიფიცეს, რომ დამპყრობლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გაუწევდნენ წინააღმდეგობას. ხალდელები იბრძოდნენ, სანამ ტყვია-წამალი არ დაუმთავრდათ, სოფელი მიწასთან გაასწორეს.
ამ ამბავს საბჭოთა ისტორია საგულდაგულოდ მალავდა და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, თუ როგორ შესწირეს სვანებმა საკუთარი სიცოცხლე, საკუთარ მიწას. ხალდეს ისტორია, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლად აქცია.
სპექტაკლი "ხალდე" ისტორიას თანამედროვე ენით გვიყვება. თავისუფლებისთვის ბრძოლის ამბავს, თავისუფალი თეატრის სცენიდან მაყურებელი პირველად ნახავს. რეჟისორმა სპექტაკლი დმანისის სამსახიობო დასსთან ერთად დადგა.
მაყურებლებისთვის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, "ხალდეს" თავგანწირვის ამბავს, სოხუმის თეატრის მსახიობი ლილი ხურითი და თუმანიშვილის თეატრის არტისტი, გია აბესლამაშვილიც გააცოცხლებენ.
ერთ მოქმედებიანი სპექტაკლი, საზოგადოებას საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ამბავს უყვება. დმანისის თეატრალური დასის პრემიერა თავისუფალ თეატრში 30-31 ივლისს და 1 აგვისტოს შედგება.