27 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მარცვლეულის ექსპორტში ჩართული პირი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ოლექსეი ვადატურსკი ცოლთან ერთად რუსებმა საკუთარ სახლში ააფეთქეს- ომის 158-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ომის 158-ე დღეა. ბოლო დღე -ღამის განმავლობაში დაიბომბა არაერთი ოლქი, მათ შორის დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, მიკოლაევისა და ხერსონის ოლქები. სარაკეტო თავდასხმების გამო მიკოლაევში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა, აფეთქებები არ შეწყვეტილა ხარკოვშიც. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება ხერსონშიც. ხერსონის ოლქის ასობით სოფელში კრიტიკული ვითარებაა. ადგილობრივები მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილნი. თავდასხმა განხორციელდა ნიკოპოლზეც, ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კორპუსები, რამდენიმე მუნიციპალური დაწესებულება, სკოლა და საბავშვო ბაღი.

ქალაქ მიკოლაევში უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და მარცვლეულის ექსპორტში ჩართული პირი ოლექსეი ვადატურსკი ცოლთან ერთად რუსებმა საკუთარ სახლში ააფეთქეს. რაკეტა მის საცხოვრებელ სახლს მოხვდა. 74 წლის ვადატურსკის უკრაინის გმირის ჯილდო ჰქონდა მიღებული. მიკოლაევის მერის თქმით, ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად იბომბებოდა.

იერიშები გრძელდება დონეცკშიც, საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი. შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის ვიცე-პრემიერიც. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია ცხადდება.


კვლავ გრძელდება დაბომბვა სუმის რეგიონში - რუსმა ოკუპანტებმა არტილერიით იერიში მიიტანეს სერედინობუდსკის დასახლებაზე. შედეგად , დაიღუპა ერთი ადამიანი. დაიწვა ფერმა, დაზიანდა კერძო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სარაკეტო თავდასხმებისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც. დაზიანდა არაერთი სამოქალაქო ობიექტი: სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, სასწავლო დაწესებულებები და საცხოვრებელი კორპუსები. ოლქის ასობით სოფელში ვითარება კრიტიკულია. უკვე ორი თვეა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი.

შურისძიების პირობას დებს აზოვის პოლკი ოლენივკას ციხეზე განხორციელებული დაბომბვის გამო, სადაც ათობით უკრაინელი პატიმარი დაიღუპა. მეთაური ნიკიტა ნადტოჩი ამბობს, რომ ყველა, ვინც დაბომბვაში მიიღო მონაწილეობა, პასუხს აგებს.


ბოლო მონაცემით ციხეში 53 პატიმარი დაიღუპა. ომის მონაწილე ორი მხარე თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებს. გაეროს და წითელი ჯვრის სპეციალისტები ვითარების შესასწავლად ოლენივკაში ჩასვლას მოითხოვენ.

დღის ამბები