27 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
35 წლის მანძილზე ერთადერთი შეუსრულებელი ოპერაცია და საბედისწერო გამოძახება- როგორ იხსენებენ მეგობრები ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს 

თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარი ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეული ოჯახისწევრებთან ერთად იმ ადამიანებისთვისაა, ვინც დაღუპულ მფრინავებთან, მაშველებთან და ექიმებთან ერთად, წლების განმავლობაში მუშაობდნენ. არაერთი შესრულებული მისია, არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ერთად დაძლეული რთული გამოწვევა. ამ ყველაფერზე და მათთვის ძვირფას ადამიანებზე "კურიერის" რესპოდენტები ტკივილის და გლოვის ფონზე, დღეს უკვე წარსულ დროში გვიყვებიან. 

31 წლის გიორგი მარგიანი მეხანძრე- მაშველის გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, ბოლო ოპერაციაზეც ერთად წავიდნენ. თეთრი არაგვის ხეობიდან, უკან ვეღარ დაბრუნდნენ. ამ დღის შემდეგ, გიორგის გახსენება, მრავალი წლის მეგობარს და კოლეგას ლევან მუსელიანს ძალიან უჭირს. მათ ერთად სხვადასხვა სამაშველო ოპერაცია წარმატებით შეუსრულებიათ. ამბობს, რომ გიორგი მარგიანი საუკეთესო მაშველი და მეგობარი იყო.

ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ კახა ტორჩინავას, რომელიც სამაშველო სამსახურში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. მაშველის საუკეთესო მეგობარი,  უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს. ბოლო შეხვედრის შემდეგ, სამაშველო სამსახურში ზარი შევიდა, მათ კოლეგებს და მეგობრებს, მაშველების დახმარება სჭირდებოდათ. ვერტმფრენში რვა ადამიანი იყო. ოთხი მფრინავი, ორი მაშველი და ორი ექიმი. ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი ერთი ბრიგადის წევრები იყვნენ, 29 ივლისს გამოძახებაზე გასვლა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მხიარულები, მეგობრულები და საქმის პროფესიონალები - ასე იხსენებენ მეგობრები დაღუპულ მედიკოსებს.

საბედისწერო, "მი-8" ტიპის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში, ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი 25 წლის ანდრო ქუჯოშვილი იმყოფებოდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ქააძე იყო, რომელიც 20 წლის განმავლობაში თავის პროფესიას ერთგულად ემსახურა. მასთან ერთად, ვერტმფრენში ლევან ჩოხელიც იმყოფებოდა. მფრინავი, რომლის სახელიც არაერთ წარმატებულ ოპერაციას უკავშირდება. პილოტი, რომელიც საქართველოს 35 წელზე მეტია ციდან გადმოჰყურებს, მრავალი სამაშველო ოპერაციის მონაწილე იყო. ზაზა ლორიას ერთადერთი შეუსრულებელი და საბედისწერო ოპერაცია, "პარაპლანისტის" გადარჩენა გახდა. 

3 სხვადასხვა პროფესიის 8 ადამიანის სიცოცხლე 29 ივლისს თეთრი არაგვის ხეობაში დასრულდა, მაგრამ მათი გმირობის და თავგანწირვის ისტორიას, საქართველოში ყოველ წელს გაიხსენებენ.

დღის ამბები