27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
აფხაზეთში პროტესტისთვის ემზადებიან - მიზეზი ბიჭვინთის ნაწილის იურიდიულად მისაკუთრების მცდელობაა

აფხაზეთში პროტესტისთვის ემზადებიან - მიზეზი არის რუსეთის მუდმივად გახსნილი მადა, რომ რაც შეიძლება მეტი და საუკეთესო ადგილი იურიდიულადაც გაიფორმოს საკუთრებაში. ამ შემთხვევაში საუბარია ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკებზე, რომელიც მთლიანობაში 186 ჰექტარ ტერიტორიას, წარსულში სპეციალურად გორბაჩოვისთვის აშენებულ მდიდრულ აგარაკს და დამხმარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ფაქტმა, რომ რუსებს ამ ქონების სრულად დასაკუთრება და სანქცირებული ელიტის განცხრომის ადგილად ქცევა სურს, აფხაზური საზოგადოების ნაწილი გამოაფხიზლა. პროტესტის ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი საქმის გასარკვევად და დირექტივების მისაცემად, მოსკოვში დაიბარეს. კრემლი 186 ჰექტარს ითხოვს, რომელზეც ძველი სახელმწიფო აგარაკებია განთავსებული - ეს ადგილობრივებისთვის მიუღებელია იმდენად, რომ გადაწყვეტილებას უკვე დე-ფაქტო მთავრობის ყოფილი წევრებიც აპროტესტებენ.

არ მოსწონთ და ამაზე ღიად დაახლოებით ერთი კვირის წინაც ისაუბრეს. ისინი დაუპირისპირდნენ დე-ფაქტო მმართველსაც, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვა და სამართალდამცველებსაც.

ბიჭვინთაში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და 10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც. მათ შორისა აუზები, რესტორნები და მიწისქვეშა კომპლექსი. ოკუპანტისთვის ტერიტორიის ჩუქება აფხაზებს არ სურთ, შესაბამისად, ქართველი ანალიტიკოსები მოვლენების დაძაბვას არ გამორიცხავენ.

მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ მოსახლეობის უკმაყოფილება, საერთო ფონს ვერ შეცვლის, ამაზე "კურიერს" მამუკა არეშიძე ესაუბრება. კონფლიქტოლოგის აზრით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დროული მოქმედების საშუალებას აძლევს.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მათ შორის აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში შესაძლოა უახლოეს პერიოდში გადავიდეს. ამისთვის დე-ფაქტო მმართველს და პარლამენტს, მხოლოდ რამდენიმე ფორმალური პროცედურა სჭირდება, რომელიც ხალხის უკმაყოფილების გამო, დროებით გაჭიანურდა.

დღის ამბები