27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
დატოვებს თუ არა ქართულ პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება - საკითხზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ხმაურიანი განცხადება კვლავ  მსჯელობის საგანია. ვალერი გელბახიანი დღესაც განმარტავს, რომ ამის შესახებ პირადად ჰქონდა საუბარი სააკაშვილთან და უშუალოდ მისგან მოისმინა, რომ პრიორიტეტი ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.

ის, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი აუდიენციის დროს უთხრა - საქმე სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის საკითხს ეხება. გადაწყვეტილება ადვოკატის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო. 

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია, ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსჯავრდებულის უფლებადამცველების სტრატეგიაა. ამ განცხადების შემდეგ, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია, არც ადვოკატების პოზიცია და არც სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები დაუზუსტებია. ექსპრეზიდენტის სხვა თანაგუნდელებისთვის, ახლა ყველაზე პრიორიტეტული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია. ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათთვის, ამ ეტაპზე, გაუგებარია ადვოკატების მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შინაარსის განცხადებები. 

გეგმავს თუ არა სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური კარიერის დასრულებას, ამ თემაზე ვერ საუბრობს გიული ალასანია. ის დღეს კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტის დედა განმარტავს, რომ შვილთან პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მას უკრაინასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდეს.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაწყვეტილება, ვერ გაანულებს მის მიმართ არსებულ სამართლებრივ ვალდებულებებს - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასებით, ადვოკატების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება, კიდევ ერთხელ ადასტურებს დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველ რგოლში.

როგორ ხედავს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ყოფილი პრეზიდენტი, ამის შესახებ თავად მას ამ დრომდე არაფერი უთქვამს. ადვოკატი ამბობს, რომ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ მალე გაავრცელებს.

დღის ამბები