27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
დაღუპული ოთხი პილოტი, ორი მაშველი და ორი ექიმი - რა მიზეზით დაკარგა პოლიციის მი-8 ტიპის ვერტმფრენმა მართვა

საბედისწერო კადრები, რომელიც უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნახეს და ამბავი რომელსაც შეიძლება ორმაგი უბედური შემთხვევა ვუწოდოთ. სამაშველო ოპერაცია გაცილებით მძიმე შედეგით დასრულდა, ვიდრე ამას თვითმხილველების მიერ მძიმე კადრების გადაღების მომენტამდე ვინმე იფიქრებდა... დაღუპული ეკიპაჟი, დაღუპული მაშველები, ექიმები და თავად ტურისტი, რომლის გადასარჩენადაც ეს სამაშველო ოპერაცია დაიგეგმა. პირველები, ვინც ძლიერი შეჯახების და აფეთქების შემდეგ ღრმა ხეობაში ცხედრები ნახეს, ისევ მაშველები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი კოლეგები, სხვა დაღუპულებთან ერთად, გვიან ღამით ამოასვენეს. ღამითვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვერტმფრენში მჯდომი ყველა ადამიანი დაღუპული იყო.

მძიმე ღამის შემდეგ ადგილზე მხოლოდ დამწვარი და დამსხვრეული თვითმფრინავის ფრაგმენტები იყო დარჩენილი. სწორედ ამ ნარჩენებიდან და თვითმხილველების გადაღებული კადრებიდან შეეცდება გამოძიება აღადგინოს სურათი და დადოს დასკვნა, რამ გამოიწვია ტრაგიკული შემთხვევა. უკვე იკითხებიან თვითმხილველებიც. მათ შორის არის პაკისტანელი ტურისტის მეუღლე, რომელიც ხეობაში პარაპლანის ქართველ პილოტთან ერთად ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ერთადერთი, ვინც გუდაურის მახლობლად მომხდარ უბედურ შემთხვევას გადაურჩა, პარაპლანის პილოტია. ის გვიან ღამით გადმოიყვანეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ამ დრომდე მკურნალობს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჯერ გონზე არ მოსულა და შესაბამისად, არც მომხდარის შესახებ მოუყოლია. 

რა მიზეზით დაკარგა სასაზღვრო პოლიციის მი-8 ტიპის ვერტმფრენმა მართვა - ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელსაც, ამ ეტაპზე, ოფიციალური პასუხი არ აქვს, თუმცა არის ვერსიები - პილოტის შეცდომა, ტექნიკური დაზიანება ან რთული ამინდის გავლენა. არც იმას გამორიცხავენ, რომ მიზეზი კომპლექსური იყოს. გამოძიების და ექსპერტიზის პროცესი, სავარაუდოდ, ხანმოკლე არ იქნება.

დღეს ქვეყანაში გლოვაა. გუდაურში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ოფიციალური უწყების შენობაზე დროშები დაუშვეს. მათ შორის შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში, სადაც კოლეგები ოთხ პილოტს, ორ მაშველს და ორ სასწრაფო დახმარების ექიმს გლოვობენ.

დღის ამბები