27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შეხვედრებს მმართველი ძალა და ოპოზიცია ისევ ცალ-ცალკე მართავენ - კონკრეტული გეგმები საშემოდგომო სესიაზე გახდება ცნობილი

გრძელდება ცალ-ცალკე შეხვედრები ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მმართველი პარტია და ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ამიტომ არასამთავრობო სექტორს მათთან ცალ-ცალკე უწევს სიარული. შეხვედრების ადგილი პარლამენტია. ჯერჯერობით ინიციატივების მოთელვა მიდის. საკანონმდებლო დონეზე კი მათი მუშაობის შედეგები საშემოდგომო სესიაზე გამოჩნდება.

პროცესი 3 ოპოზიციური პარტიის ინიციატივით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გულისხმობდა. 12 პუნქტის შესრულებას "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" ისევ პარალელურ რეჟიმში ცდილობენ. პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებს სრული შემადგენლობით ყოველთვის არ ესწრებიან, აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის საქმიანობას სწორედ მათი აქტიურობა განაპირობებს.

მმართველი გუნდი, ოპონენტებს დისკუსიას, შემოდგომამდე, უკვე დაწყებულ ფორმატში სთავაზობს. სამუშაო ჯგუფებში ჩართული კომიტეტების ხელმძღვანელები ოპოზიციის ნაწილს კონკრეტულ შედეგზეც მიუთითებენ.

"ქართული ოცნება" პროცესში მარტო არ არის. ჯგუფებში მათთან ერთად რამდენიმე ოპოზიციური პარტია მუშაობს - უმეტესად ისინი, რომლებიც კოლეგების პარალელურ საქმიანობას სკეპტიკურად უყურებენ.

დღეს რომ ერთობლივი მუშაობის დროა, ამას კიდევ ერთხელ ახსენებს "ქართული ოცნება" კონკრეტულ პარტიებს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღებისთვის ოპონენტებს საკმარისი რესურსი არ აქვთ.

როგორ დასრულდება პროცესი და გადაიკვეთება თუ არა პარტიების ხედვები საშემოდგომო სესიამდე - ეს ჯერ გაურკვეველია. ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სექტემბრიდან პარლამენტში სავარაუდოდ ალტერნატიული კანონპროექტები დარეგისტრირდება.

დღის ამბები