შს მინისტრის განცხადებით, პარაპლანით ფრენები მანამდე შეწყდება, სანამ რეგულაციები არ გამკაცრდება.
ვახტანგ გომელაური ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და შს სამინისტროსთვის. მათგან 6 ჩვენი თანამშრომელი იყო, 2 სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმები იყვნენ. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ჩამოვარდნა, მეტი ჯერჯერობთ არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. სამწუხაროდ 8 ადამიანი გარდაცვლილია, 1 ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, ეს დიდი პრობლემაა, გიდასტურებთ, არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს ეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. საინტერესოა ლიცენზიაც როგორ გაიცემა, ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე კი უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც პროფესიონალები არიან. ამ დღეების განმავლობაში ფრენები შეჩერდება,"- აცხადებს ვახტანგ გომელაური.