27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
საქართველოში ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკაა, რაც იანვარ-ივნისის პერიოდში 10.5%-იან ზრდაში გამოიხატა - საქსტატის ანგარიში

ტრანსპორტი, დასაწყობება, ენერგეტიკა და მომსახურების სექტორი - ეს არის მიმართულებები, რომლებმაც ივნისის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. სტატისტიკა, რომელიც წინა წლის იგივე თვესთან შედარებით 7.2%-ით მაღალია, დღეს საქსტატში წარმოადგინეს.

საქართველოში ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რაც იანვარ-ივნისის პერიოდში 10.5%-იან ზრდაში გამოიხატა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რელობის საპირისპიროა. გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივები გაუარესდა, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. აპრილის თვეში ორგანიზაციას 2022 წლისთვის 0.4%-ით მაღალი ზრდის მოლოდინი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ეს დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი კრიზისით არის გამოწვეული.

მონაცემების შეფასებისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას სწორედ საგარეო ფაქტორებზე, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს. ასევე პოზიტიურია ადგილობრივი ექსპერტების მოლოდინი. რისკების მიუხედავად, რაც პირველ რიგში კვლავ კონფლიქტებს უკავშირდება, ისინი იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის ორნიშნა ზრდის პროგნოზი გამართლდება, რაც უკვე 2023 წლისთვის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს გაამყარებს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს საქსტატი სისტემატიურად აჯამებს. ანგარიშში სექტორების მიხედვით არის მოცემული ეკონომიკის რომელი დარგი იყო ყველაზე შემოსავლიანი და პირიქით - სად იყო კლება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში. მატება დაფიქსირდა ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგენელია. გასულ თვეს გზავნილების მოცულობა 111.7%-ით გაიზარდა და 427.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

დღის ამბები