ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული. შვიდივე ახალგაზრდას უკვე შეხვდა ადვოკატი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ დაკავებულების უფლებადამცველებს დეტალებზე არ უსაუბრიათ. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც არ გააკეთეს კომენტარი, თქვეს მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე დაკავებულების პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებენ.
"ჯერ ერთი, ადამიანს ბრალი წარდგენილი არ აქვს, მეორე - დაინტერესებული ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ ეტაპზე თავს შეუძლოდ გრძნობდა. მოგეხსენებათ, რომ კლინიკიდან გადმოიყვანეს. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინიო შემოწმება როგორც კლინიკაში, ისე იზოლატორში. ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დანიშნული აქვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის შემდგომ უფრო ზუსტი სურათი იქნება ამის შესახებ. ჩხუბის დროს დაზიანების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არაფერი არ არის აბსოლუტურად," - აცხადებს ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი.
შვიდივე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ დანაშაულის ჩამდენი პირის ადგილსამყოფელის დასადგენად. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ასევე გრძელდება იმ პირების გამოკითხვა, რომლებსაც უშუალოდ ინფორმაცია აქვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით.