27 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
აუცილებელია, რომ ქალბატონმა დეგნანმა უპასუხოს კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხები აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის - მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის კელი დეგნანისთვის მორიგი ღია წერილით მიმართვას შეფასებები მოჰყვა "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხრიდან. ისინი სოზარ სუბარის მიერ დასმულ კითხვებს და შეფასებებს იზიარებენ და ამბობენ, რომ ეჭვები, რომ ქვეყნის საზიანო პროცესები მიმდინარეობს, მართლდება.

პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აშშ-ის ელჩმა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

"ის, რომ ქალბატონმა დეგნანმა გასცა ზედაპირული პასუხი, რომ ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და დემოკრატიაზე ჰქონდათ სამი საათი საუბარი, ამას დარწმუნებული ვარ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაიჯერებს. იმ დროს, როცა ესეთი დაძაბული ფონი იყო საქართველოშიც და რეგიონში ომთან დაკავშირებით, როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა ხელისუფლებაზე ომში ჩართულობის თვალსაზრისით, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ამ ფონზე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რა თქმა უნდა, შეეხებოდა ამ თემასაც. აუცილებელია, რომ ქალბატონმა დეგნანმა უპასუხოს კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხები აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

შეფასება გააკეთა "ქართული ოცნებიდან" წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. 

"მთელი პროცესი არსებობს სამწუხაროდ იმის საწინააღმდეგოდ, რაც არის საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობა და იმის სასარგებლოდ, რასაც ჰქვია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება თუ ძალადობრივი და დესტრუქციული პროცესების დაწყება. ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, გვექნება კითხვები, გვექნება იმ ფაქტების შეხსენების მცდელობები იქნება ეს საზოგადოებისთვის, ელჩებისთვის თუ ნებისმიერი პოლიტიკოსებისთვის, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები