27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
სპეცოპერაციები 5 რეგიონში - პოლიციამ ნარკოდანაშაულში ბრალდებული 20 პირი დააკავა

ნარკოტიკების რეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი. მათგან 14 ნარკორეალიზატორია. საქმეში დევს ნარკოტიკების შესყიდვის ფარული აუდიო ვიდეო მასალა. 

ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერებები მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეტამფეტამინი, სუბოტექსი.

ხელბორკილები 45 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მანამდე კი დაკავებული ნარკოდანაშაულის შესახებ ბრალს გაეცნო. ადგილზე სამართალდამცველებმა ჩხრეკაც ჩაატარეს. საგამომძიებლო მოქმედებას ესწრებოდა დაკავებულის მამაც.

რუსთავის გზატკეცილის გარდა პოლიცია დღეს ფონიჭალაშიც იყო მობილიზებული. თავისუფლების ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა რეალიზაციის ბრალდებით აიყვანეს. სამართალდამცავებმა სახლიდან ნივთმტკიცებებიც ამოიღეს. პარალელურად რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავების ღონისძიება მიმდინარეობდა თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზეც. პოლიციამ ამ მისამართზე ერთი პირი აიყვანა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს. აქედან 14, გამოძიების ინფორმაციით ნარკორეალიზატორია, მათ შორის ერთი 17 წლისაა, ერთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. ოფიციალური ინფორმაციით მათი პირადი და საცხოვრებელი სახელების ჩხრეკისას სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკი, იარაღი და ფულია ამოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო და აუდიო მასალაც გაავრცელა. ფარული ჩანაწერები, სადაც საკონტროლო შესყიდვა ჩანს, პოლიციამ მოსამართლის განჩინებით მოიპოვა. კადრებში, სავარაუდოდ, დაკავებული პირები, სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკს ყიდიან და სანაცვლოდ თანხას იღებენ.

ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია, ბათუმი და კახეთი – ეს იმ რეგიონების ჩამონათვალია სადაც პოლიციამ დაკავების ღონისძიებები ჩაატარა. "კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახშიც მივიდა,თუმცა როგორც ყვებიან, მათთვის ბრალდების მიზეზი უცნობია.

ყველა დაკავებულს ყავს ადვოკატი, მათ უკვე მოინახულეს დაცვის ქვეშ მყოფები და იციან მათი პოზიციაც. 43 წლის მამაკაცის ინტერესების დამცველი ადასტურებს რომ სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკი იპოვეს, თუმცა ბრალდებულს ნივთიერება არა სარეალიზაციოდ, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. სამართლებრივი განმარტებები გააკეთეს სხვა ადვოკატებმაც.

სპეცოპერაციის ადგილებზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, ამოღებულია სხვდასხვა ნივთმტკიცებები. იმ შემთხვევაში თუ დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცდებათ მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის და დიდი ოდენობით შეძენა შენახვა და ასევე რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები