27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო-ვალერი გელბახიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილი პოლიტიკაზე უარს საერთოდ ამბობს, თუ კონკრეტულად ამ მომენტში, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ადვოკატი პასუხობს, რომ თუკი, ყოფილი პრეზიდენტი „ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო“.

„სუსტად არის, ერთადერთი გეგმა აქვს, რომ ჯანმრთელობას მიხედოს, პოლიტიკური გეგმები მას არ გააჩნია, პირიქით, ამბობს, რომ პოლიტიკასთან ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ სურს. ის ძირითადად, წევს. საუბრის უნარი როგორ არ აქვს, მიცვალებული კი არ არის, სააკაშვილია, მაგრამ იმის აჩრდილი არ არის, რაც იყო, წოლით რეჟიმშია, მალე იღლება, ვერ საუბრობს იმ ტემპით, როგორც საუბრობდა, მოდუნებულია, ამდენი წამლები და პროცედურები ნებისმიერ ადამიანს დაასუსტებდა. სააკაშვილი აღარ გამოიყურება ისე, როგორც იცნობდით, უკვე სულ სხვა ადამიანია…

დამიკონკრეტა, ჩემთან თქვა, თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო. მან თქვა, რომ როგორც შეეძლოო, მთელი ცხოვრება ქართველ ხალხს ემსახურა, ახლა გადადგა ნაბიჯი და ჩაჯდა ციხეში და ესეც ქართველი ხალხის გამო გააკეთა, ვინაიდან დიდი ნაწილი ითხოვდა – ჩამოდი, ჩამოდიო, ზოგი მშიშარას არქმევდა, ზოგი სხვა იარლიყებს აწებებდა. მან მითხრა, ეს ნაბიჯიც კი გადავდგი, ჩემი სიცოცხლე დავაყენე საფრთხის ქვეშ, რომ ქართველ ხალხს არ მისცემოდა იმის თქმის უფლება, რომ რაღაცას გავურბოდი, ან მეშინოდაო", – განაცხადა გელბახიანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს მის მიერ შექმნილი გუნდის წევრების მიმართ წყენა, ადვოკატი პასუხობს, რომ – არა.

"მე მქონდა სხვადასხვა საუბრები, მითუმეტეს, პოლიტიკაზე, სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ ისაუბრო, უაზრობას ნიშნავს, მაგრამ მას არანაირი გულისწყვეტა არ აქვს, ასე არ უნდა გავიგოთ, რომ ემიჯნება და უკმაყოფილოა, ამბობს, რომ პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ ახლა მთავარია, ჩემ პირად მდგომარეობას მივხედოთო. მისი სურვილია, არ იკონტაქტოს, ძალიან ძნელია, წლების განმავლობაში აშენო პარტია და მერე იმ პარტიაზე თქვას, კარგად იყავიო, ეს ასე არ არის. ამ თემაზე კომენტარს არ მიკეთებს, მეუბნება, რომ არანაირი სურვილი არ აქვს არავისთან შეხვედრის და საუბრის. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვკონტაქტობ, მეგობრულად ვკონტაქტობ და არა პარტიულადო, დამისახელა ეკა ხერხეულიძე, დანარჩენებთან არანაირი კონტაქტი არ აქვს“, – განაცხადა გელბახიანმა.

დღის ამბები