27 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
საბაბიც კი არ აქვს რეალურად ოპოზიციას იმისათვის რომ გაემიჯნოს ამ პროცესს, თუმცა რეალურად არც საბაბი და არც საფუძველი არ სჭირდებათ ამისთვის - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია ევროპის 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს, ამ წუთებში სამი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მართლმსაჯულების შესახებ საუბრობს. აღნიშნულ პროცესს საბოტაჟს უწოდებენ მმართველ გუნდში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ პროცესთან გასამიჯნად არც საბაბი და არც საფუძველი არ გააჩნიათ. 

"პროცესი მიმდინარეობს, არის 12 პუნქტი, 12-ივე პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი პროცესი არის დაწყებული, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და ეს სამუშაო ჯგუფები დაკავებული არიან კანონპროექტების მომზადებით, გათვალისწინებულია ათეულობით კანონპროექტის მომზადება და კონკრეტული ვადები არის ამისათვის დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის განხილვამ გადაიწია 1 წლით, საუბარია 2023 წლის შემოდგომაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ის პირველადი ვადები არ შეიცვლებოდა და ჩვენ დეკემბრისთვის უკვე ვასრულებთ სრულად ამ პროცესის დასრულებას. შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადი, სამუშაო ჯგუფები წარმართავენ საკუთარ საქმიანობას, კონკრეტულ ვადებში დასრულდება ეს პროცესი, მოხდება კანონპროექტების ჯერ ინიცირება, შემდეგ მიღება. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი არ აქვს რეალურად ოპოზიციას იმისათვის რომ გაემიჯნოს ამ პროცესს, თუმცა ისინი ახერხებენ ამას, რეალურად არც საბაბი და არც საფუძველი არ სჭირდებათ ამისთვის," - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეს სამი ოპოზიციური პარტია საკუთარ თავს ძალიან უცნაურ და კომიკურ სიტუაციაში ამყოფებს.

"ეს სამი ოპოზიციური პარტია ძალიან უცნაურ და კომიკურ სიტუაციაში ამყოფებს საკუთარ თავს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ვერანაირად ვერ გაიგო თუ რა საჭიროა ზოგადად ვირტუალური და სიმულაციური პროცესების წარმართვა. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით და ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში, არის პროაქტიური, ინტენსიური და მაღალი ჩართულობით უზრუნველყოფილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენ დამსახურებულად მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე და ცხადია, როგორც არ უნდა ეცადოს ეს სამი პარტია, ვინაიდან მათ კონკრეტული დავალება და ამოცანა აქვთ როგორც ჩანს, რომ ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ზეგავლენას ვერ მოახდენენ," - აცხადებს იონათამიშვილი.

დღის ამბები