27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
რადგან "ოცნება" საბოტაჟს უწყობს პროცესს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვჩერდებით - ოპოზიცია 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს

ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში სამი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მართლმსაჯულების შესახებ საუბრობს - იქამდე გაიმართა შეხვედრები გენდერის საკითხებსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე. 

პარტია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საბოტაჟს უწყობს პროცესს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

"ოპოზიციის შეთავაზება, ამ პროცესის დასაწყისში, იყო სწორედ კონსტიტუციურ, გამჭვირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ ფორმატში ჩვენ დავმსხდარიყავით და გვემუშავა ერთად, ეს იყო რიგგარეშე სესიის ფორმატი. რადგან "ქართული ოცნება" საბოტაჟს უწყობს პროცესს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვჩერდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან კონსტრუქციულ, ძალიან საქმიან, გამჭვირვალე, ჩართულ რეჟიმში მუშაობას, იმისთვის რომ განისაზღვროს 12 პუნქტის რეალური შინაარსი," - აცხადებს ნაცვლიშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა კანონპროექტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკომისიის მიერ მოცემულ რეკომენდაციებთან.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ჩართულ მხარეებთან ერთად, ვისაც ეს საკითხები აინტერესებს, დავდოთ რეკომენდაციების შესაბამისი გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები. არავის არ ვეჯინებით, თუ "ქართულ ოცნებასაც" იგივე განწყობა ექნება, კომიტეტებზე შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს, და ყველა ინიციატივას, რომელიც იქნება შესაბამისი ევროპულ რეკომენდაციასთან, თუნდაც "ქართული ოცნების" იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები