27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
კეთდება მაქსიმალური მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადასაყვანად - ნუგზარ წიკლაური

ნიკა მელიას მიმართვას, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიმართ, უკვე მოჰყვა შეფასებები. 

მისი თანაპარტიელები მელიას განცხადების შინაარსს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საუბარი იმაზე, რომ არაფერი კეთდება მიხეილ სააკაშვილისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება, პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე კი ამბობენ, რომ პარტია დიდია და შესაბამისად, ეს განსხვავებულობა ჩვეულებრივი მოვლენაა:

"საუბარი იმაზე, რომ არაფერი არ კეთდება ამ საქმისათვის, ნამდვილად ყურით მოთრეულია. პარტია არის დიდი და მეინსტრიმული, შეუძლებელია რომ აქ არ იყოს განსხვავებული მოსაზრებები. ამ შემთხვევაში გამოვყოფდი ადამიანებს, რომლებიც არიან მრავალი ასეული ათასი და რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. ჩემი და პარტიის ყველა წარმომადგენლის გზავნილი არის დღეს მათ მიმართ, რომ კეთდება მაქსიმალური მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადასაყვანად,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დედის მოსაზრებას ამ საკითხზე, გიული ალასანია ამბობს, რომ პარტიის წევრი ლიდერები შეხვედრებს მართავენ, სადაც სწორედ მიხეილ სააკაშვილზე არის ხოლმე საუბარი:

"მე ვიცი რომ ძალიან ბევრი შეხვედრა აქვთ, პარტიაში ხომ არიან გამოკვეთილი ლიდერები, ისინი ხან ამერიკაში არიან და ხან ევროპაში, მე რამდენადაც ვიცი შეხვედრები აქვთ, სადაც უსათუოდ არის ხოლმე ჩემი შვილის საკითხი. ასე რომ მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ისინი რაღაც ფორმით მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში, ამ ქვეყანაში გადაწყეტილება როგორ მიიღება,"- აღნიშნავს გიული ალასანია. 

ნიკა მელიას მიმართვა მმართველ გუნდშიც შეაფასეს: 

"ჩვენ ღრმა ბავშვობაში, როდესაც პიონერად აკურთხებდნენ ხოლმე ბავშვებს, ეუბნებოდნენ კომუნისტების ცნობილ პარტიულ ლოზუნგს - ვსაუბრობ ლენინზე ვგულისხმობ პარტიას,  ვსაუბრობ პარტიაზე, ვგულისხმობ ლენინს. ასე გამოუვიდა ამხანაგ მელიას, - საუბრობთ ჩემზე, გულისხმობთ სააკაშვილს, საუბრობთ სააკაშვილზე გულისხმობთ მელიას, წიკლაურს, ხერხეულიძეს თუ ვიღაც  პოლიტიკოსს, რომელიც თავის ბინძურ თეთრეულს ჩვენს სამსჯავროზე გამოფენს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები