27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პრემიერი-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში - დეტალები, რაზეც ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრეს

ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ალიხან სმაილოვთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც მომავალში უფრო უნდა გაძლიერდეს.

პირისპირ აუდიენციის შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა, გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს ტურიზმის , ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამსრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა საქართველო ყაზახეთის რკინიგზებს შორის. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.

ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციის წევრებთან ერთად, "აკორდას" სასახლეში უმასპინძლა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. ითქვა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

მაღალი რანგის შეხვედრების შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელ "ტვიტერში" დაწერა და აღნიშნა, რომ საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იყოს ათვისებული. ყაზახეთის პრემიერთან და პრეზიდენტთან აუდიენციის დროს ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ორმხრივი თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროები.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ასტანასა საერთაშორისო ფინანსურ ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის პრინციპს გაეცნო. ცენტრი 2018 წელს დაარსდა და ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემსაც’’ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა. მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა რვა სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, "კოსმოსური კვლევის გვირაბი". მუზეუმში წარმოდგენილი "მზის ბურთი" მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.

დღის ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცილა. ყაზახეთის დედაქალაქის დატოვებამდე კი, პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვის სახელით საქართველოს მტავრობის მეთაურის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელიც ტრადიციული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული.

დღის ამბები