"კრედიტ სუისს" 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა, შვეიცარიულ ბანკს თანხის დასაფარად 42 დღიანი ვადა აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბერმუდას უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე იქნება დაცული, სანამ საჩივრები საბოლოოდ არ დადგინდება. ამის შემდეგ, ზიანი აუნაზღაურდებათ მოსარჩელეებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება მარტში მიღებულ დადაგენილებას, რომლის მიხედვითაც "კრედიტ სუისი" პასუხისმგებელია იმისთვის, რომ არ მიიღო ადეკვატური ქმედებები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი "კრედიტ სუისის" ანგარიშებზე, ჯამური ზარალი მილიარდ დოლარზე მეტია.
ბერმუდას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შვეციარიულ ბანკთან დაკავშირებით, მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. "ბიზნეს ინსაიდერი", "ესოშიეიდ პრესი", "ენბისი", "ფოქს 19", "კლივლენ 19" - გავლენიანი გამოცემების ჩამონათვალი ვრცელია. მედია წერს, რომ 21 ივნისს გამართულ მოსმენაზე, "კრედიტ სუის ლაიფი" ამტკიცებდა, რომ მას არ უნდა გადაეხადა სასამართლო დავალიანება მანამ, სანამ არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა გზა და ცდილობდა დაყრდნობოდა , Credit Suisse AG-ის გარანტიას, როგორც საკმარის უზრუნველყოფას. დასავლური მედია წერს, რომ "კრედიტ სუისის" მსხვერპლების სია ბანკის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი 7 წლის განმავლობაში პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის თაღლითობის მსხვერპლნი არიან.
ბერმუდას სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნებამდე, დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ Credit Suisse-ის სკანდალის ფონზე, ბანკის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მმართველი მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება.
"კრედიტ სუისთან" დაკავშირებულ დავაზე ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ წერილშიც ისაუბრა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ურჩევნია შვეიცარიულ ბანკთან შექმნილი პრობლემები საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში მის პირად პრობლემად განიხილოს.
"კრედიტ სუისის" მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში დარღვევების შესახებ განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეტებს ივანიშვილის ადვოკატი. ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, იმის მიუხედავად , რომ დავა სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება, ივანიშვილი ამჯობინებს დარჩეს კერძო მომჩივანის ფორმატში.
გახმაურებული დავა საქართველოს ყოფილ პრემიერსა და შევიციარიულ ბანკს შორის წლებია მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისს" თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა. მისი ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა, თუმცა "კრედიტ სუისი" აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.